ეფეს საქართველო: 2021 წელს ლუდის ინდუსტრია 10%-ით გაიზარდა
"ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი 2021 წელს აფასებს და აცხადებს, რომ პანდემია არც კომპანიის საქმიანობაზე და არც ინდუსტრიაზე ნეგატიურად არ ასახულა.
როგორც ხუნძაკიშვილი აცხადებს, ლუდის ინდუტრია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით ზრდა 4-5%-ის დიაპაზონშია.
რაც შეეხება კომპანია „ეფეს საქართველოს“, კომპანიის კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, რომ ლუდის ინდუსტრიის და კომპანიის ფინანსრი შედეგები (ციფრები) თითქმის იდენტურია.
„ამას ემატება ექსპორტის ზრდა, განსაკუთრებით ლიმონათის მიმართულებით. წელს ამ კუთხით უპრეცედენტო ზრდა გვქონდა, საუბარია 40%-იან მატებაზე. ამ დროისთვის გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარი“ ევროპის დაახლოებით 25 ქვეყანაში იყიდება. მიმდინარე წელს კომპანიის ლიმონათი შევიდა ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზეც,"-აცხადებს ხუნძაკიშვილი.
მისი ინფორმაციით, წელს ექსპორტზე დაახლოებით 42 მილიონი ლიტრი გაიყიდა.
კითხვაზე, იმ პირობებში როდესაც პანდემიის პირობებში ბიზნესის უმრავლესობას გაყიდვები შეუმცირდა, როგორ შეძლო კომპანია „ეფეს საქართველომ“ ამ ნიშნულზე გასვლა, ხუნძაკიშვილი განმარტავს, რომ მომხმარებლის მხრიდან აქცენტი ხარისხიან პროდუქციაზე კეთდება, ყველაფერი კი შემოსავლებზე აისახება.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ლუდის ბაზარზე გადანაწილდა სეგმენტაცია, თუ ადრე მოთხოვნა იყო მინის ბოთლზე, ქილაზე, ახლა უპირატესობას ეკონომიურ პაკეტს (პლასტმასის 2 ლიტრიანი,2.5 ლიტრიანი შეფუთით) ანიჭებენ.
როგორც "ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, პანდემიური წლის პერიოდში HoReCa სექტორის დაკეტვამ მოხმარება ოჯახებში გადაიტანა, შესაბამისად, ეკონომიური სეგმენტი განვითარდა.
მოლოდინებზე საუბრისას "ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, რომ ლუდის ინდუსტრია კარგად მიუყვება ეკონომიკის ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს ლუდის ბაზარი დაახლოებით 5-დან 7%-მდე გაიზრდება.
ხუნძაკიშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ არ ჩერდება და პროდუქტების გაფართოებაში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.მათ შორის, იგეგმება საექსპორტო ბაზრების მიმართულებით გაძლიერება.