ბიზნესი
25/02/2021

ძვირი წამლები - უნდა მოხდეს თუ არა მედიკამენტების ფასის რეგულირება

უკვე წლებია საუბარია იმაზე თაობაზე რომ ფარმაცევტული კომპანიები მაღალი მარჟით მუშაობენ, მოგების მიღების მიზნით ზრდიან მედიკამენტებზე ფასს და ქვეყანას ამის რეგულირების მექანიზმი არ გააჩნია. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპის რიგ ქვეყნებში მედიკამენტები საქართველოსთან შედარებით გაცილებით იაფია.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის. ირაკლი მარგველაშვილი "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მედიკამენტების ფასს სახელმწიფო ასუბსიდირებს.

"თურქეთის მაგალითზე გეტყვით, ხელისუფლება იქ მედიკამენტების ფასს ასუბსიდირებს. ამასთან, თურქეთში, მედიკამენტები ადგილობრივი მოხმარებისთვის არის და სპეციალური რეგულაციაც კი არსებობს, რომელიც კრძალავს თურქეთში იმპორტირებული მედიკამენტის სხვა ქვეყანაში გატანას. თუმცა, ცალკეული სააფთიაქო ქსელები მაინც ახერხებენ შეძენას და სწორედ ამ გზით ხვდება საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები. ხშირად ისმის კითხვა, რატომ ღირს მედიკამენტები თურქეთში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. ამის მიზეზი ისაა, რომ იქ წამლები დაფინანსებულია სახელმწიფოს, იქაური ჯანდაცვის სისტემის მიერ და სწორედ ესაა მიზეზი, რატომ არის თურქეთში მედიკამენტი უფრო იაფი და არა იმიტომ, რომ საერთაშორისო კომპანიები თურქეთს მედიკამენტებს უფრო იაფად აწვდიან, ვიდრე საქართველოს,“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა

ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასების რეგულირება უნდა მოხდეს, თუმცა აუცილებელია, რომ ქვეყანამ ამისთვის სწორი მექანიზმი შეიმუშავოს, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის იქნება გათვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შესაძლოა სექტორიც დააზარალოს და ასევე გარკვეული სახის მედიკამენტები დეფიციტური გახდეს, ან საერთოდ გაქრეს ბაზრიდან.

"მხოლოდ მედიკამენტების ფასების კონტროლმა, შესაძლოა, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ შეაფერხებს იმპორტს და წარმოშობს დეფიციტს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების მომხრე არ ვარ. მაგრამ, როცა ფასების რეგულირების საკითხს ვეხებით, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რომ ფარმაცევტული პროდუქტი გულისხმობს ათასობით მედიკამენტის, ასორტიმენტის მართვას. ამის რეგულირება კი უნდა განხორციელდეს მთლიანად ჯანდაცვის სექტორის რეგულირების პარალელურად. ასევე ხშირად ისმის, რომ მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვარის დაწესება, ფასების რეგულირებას გამოიწვევს. მე არ ვეთანხმები ამას 2 მიზეზის გამო. პირველი ის, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა გამოვა. და მეორე ის, რომ ფარმაცევტული კომპანიები მაინც გამოძებნიან სხვა გზებს. ამიტომ, აუცილებელია რომ სახელმწიფომ, ჯანდაცვის სისტემამ სხვა მექანიზმი შეიმუშავოს,“ - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ

Businesspartner