ბიზნესი
17/12/2021

"დიფლექსმა" GHG-ისგან მილიონ ლარამდე ინვესტიცია მოიზიდა

"ეისითის" შვილობილმა, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „დიფლექსმა“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისგან (GHG) მილიონამდე ლარის ინვესტიცია მოიპოვა. ინვესტიციით "დიფლექსი" საერთაშორისო მასშტაბის ციფრული პროდუქტის განვითარებას იწყებს, 2022 წელს კი, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს.

"დიფლექსი" მომხმარებელს ვირტუალურ ქოლ ცენტრს და საკომუნიკაციო პლატფორმას სთავაზობს. კომპანიის ცნობით, პროდუქტი უნიკალურია თავისი არსით და გამოყენებით, ის აერთიანებს ყველა იმ პრიორიტეტს, რომელსაც სხვადასხვა საჭიროებისთვის ცალკეული ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუ კომპანიას არ აქვს ინფრასტრუქტურა - ოფისები, სერვერები და არ ჰყავს ოპერატორები, მაგრამ სურს ქოლ ცენტრის მოწყობა ან ცხელი ხაზის ამუშავება, შეუძლია ისარგებლოს დიფლექსის მომსახურებით.

როგორც კომპანიაში ამბობენ, GHG საერთაშორისო პოტენციალის პროდუქტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს "ეისითის" საწარმოო პროცესში "დიფლექსმა" წარმატებული და ნაყოფიერი როლი ითამაშა.

კერძოდ, "დიფლექსმა" ეისითის მაღალი ექსპერტიზა სატელეფონო კვლევების მიმართულებით კონკრეტულ ციფრულ პროდუქტში გადაიტანა. საერთაშორისო სოფტების გამოყენებამ და კლიენტების მოთხოვნებზე დაკვირვებამ შესაძლებელი გახადა ონლაინ ქოლ-ცენტრის მომსახურების შექმნა, რომელმაც თავის თავში უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები გააერთიანა.

ციფრული პროდუქტით მსოფლიო ბაზრის უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების QuestionPro და SurveyToGo-ს მენეჯმენტი დაინტერესდა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 

"დიფლექსი განვითარების აქტიურ ფაზას გადის და მსოფლიო არენაზე გასვლისთვის ემზადება. ეისითის პროდუქტების განვითარების და შეთავაზების მრავალწლიანი გამოცდილება და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მასშტაბირების პოტენციალი ორი კომპანიის კოლაბორაციით შექმნილი პროექტის გლობალური ბაზარზე გატანის ამბიციას რეალურს ხდის. მთავარი კონცეფცია Win to Win პრინციპს ემყარება, კომპანიები დიპლექსის გამოყენებით სრულყოფილი მომსახურების გაწევის შესაძლებლობას იღებენ, ხოლო ეისითის შვილობილი კომპანია „დიფლექსი“ - ახალ მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განმარტავენ კომპანიაში.