
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group-ი განახორციელებს
წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group-ი განახორციელებს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ბრიტანულ მარკეტინგულ კომპანიას შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშკრულება უკვე გაფორმდა.
Swirl Wine Group-ს ღვინის ცნობილი მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. კამპანიის ფარგლებში, 2022 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. 2014 წლიდან, ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი.
2021 წელს, ექსპორტირებული იყო 736 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 71%-ითაა გაზრდილი.