დღეიდან გაზზე მომუშავე ტექნიკაზე ახალი რეგულაცია ამოქმედდა
დღეიდან გაზზე მომუშავე ტექნიკაზე ახალი რეგულაცია ამოქმედდა.ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ვალდებულებებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა.
რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 1 დეკემბრიდან, იმპორტის გზით მანქანა-დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია,შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის საშუალებით, შემოსავლების სამსახურსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“
უწყებაში განმარტავენ, რომ შეტყობინების ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება - საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
შესაბამისად, 1 დეკემბრიდან იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, რეგლამენტის რეგულირების სფეროში არსებული პროდუქტების საქართველოს ბაზარზე განთავსება ვერ განხორციელდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაცით, აღნიშნულის შესახებ 3800-მდე გადასახადის გადამხდელს შეტყობინება უკვე გაეგზავნა.
რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომლებიც ევროპული სტანდარტების მიხედვით იქნება წარმოებული და შესაბამისი სერთიფიკატიც ექნება. კერძოდ, მოწყობილობებს სხვა ძირითად პარამეტრებთან ერთად, უნდა გააჩნდეთ, ინვერტორული საცირკულაციო წყლის ნასოსი და საკონდენსაციო წვის კამერა.
ინდუსტრიის წარმომადგენლები „ბიზნესპარტნიორთან“ რამდენიმე კვირის წინ აცხადებდნენ, რომ მიესალმებიან უსაფრთხოების მიზნით, ევროპული სტანდარტების დანერგვას, თუმცა, ამბოდნენ, რომ რეგულაციების ამ ფორმით მიღება დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, რიგ მიმწოდებლებს ბაზარს მიღმა დატოვებს, სამომხმარებლო თვალსაზრისით კი, პროდუქციის ფასებს პრაქტიკულად გააორმაგებს.