დეველოპერებთან კომუნიკაცია მერიის ცხელი ხაზით საკმარისი არ არის - არჩილ ჯაყელი
დეველოპერული კომპანია „ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი თბილისის მომავალ მერს რჩევებს აძლევს. როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პირობებში დარეგულირდება.
„სამშენებლო ამნისტია გამოაცხადეს, ხალხი ვერ გაერკვა ამნისტია დამტკიცდა თუ არა. უფრო მეტი სიცხადე უნდა იყოს შეტანილი. ვის რა პრობლემა აქვს არავინ უსმენს. მაქსიმალური კომუნიკაციაა საჭირო და მერიის ცხელი ხაზით ეს ვერ მოხდება,“ - აცხადებს ჯაყელი.
დეველოპერი მერიაში მუდმივი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციტივით გამოდის, რომელიც თვეში ერთხელ მაინც შეხვდება ბიზნესის ყველა წარმომადგენლებს, მათ შორის, მცირე მშენებლებსაც.
„საკითხის გავლა დეტალებში უნდა ხდებოდეს, ამის ორგანიზება მერიამ უნდა აიღოს. მცირე კომპანიებს ზოგიერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტში არც არავინ ეძახის. ის დრო აღარ არის, ყველა რომ აშენებდა, ახლა 6 თვეში სამუშოების შესრულება შეიძლება სახვეწარი გახდეს იმდენად გაძვირებულია ყველაფერი და იმხელა რისკებთან არის დაკავშირებული მშენებლობა.
თუ ასე გაგრძელდა და მშენებელს სურვილი აღარ ექნება მშენებლობა დაიწყოს, ამას თუ ნებართვების გართულებული გაცემა და რეგულაციები დაემატება, მოიკლო მშენებლობის ტემპმა, მერწმუნეთ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით,“ - აცხადებს ჯაყელი.
შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.