დეველოპერები წლის ბოლომდე უძრავი ქონების გაძვირებას პროგნოზირებენ
სამშენებლო მასალების ფასების დასტაბილურების მიუხედავად, დეველოპერები წლის ბოლომდე უძრავი ქონების გაძვირებას ისევ პროგნოზირებენ.
როგორც სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განმარტა, ფასები მინიმუმ ხუთი პროცენტით მოიმატებს.
„წლის განმავლობაში სამშენებლო მასალები საშუალოდ 25-30%-ით გაძვირდა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ფასები დასტაბილურებულია და გარკვეულ ზედა ზღვარს უკვე მიაღწია, რომლის იქითაც მატებას აღარ ველით, თუმცა მშენებლობის გაზრდილი თვითღირებულება კომპანიებმა ერთბაშად ფასში ვერ ასახეს. გასაყიდი ბინების ფასი ეტაპობრივად წლის განმავლობაში 10-15%-ით გაიზარდა. იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებმა მოგების მარჟა აღიდგინონ, წლის ბოლომდე ფასები სულ მინიმუმ 5%-ით კიდევ გაიზრდება. 650-700 დოლარზე ნაკლები უძრავი ქონება დღეს თბილისის არცერთ ლოკაციაზე აღარ ღირს. ამ ფასში ვგულისხმობ გარეუბნებს, თუ მანამდე იყო, რომ 500 დოლარად შეიძლებოდა კვადრატულის ყიდვა, დღეს ეს აღარ ხდება,“ - განმარტავს „არსის“ გენერალური დირექტორი.
მისივე თქმით, მიუხედავად გაზრდილი ფასისა, მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მაღალია. ბესო ორთოიძის განმარტებით, მოთხოვნას რამდენიმე ფაქტორი ასტიმულირებს, მათ შორის ის სტაბილურობა, რაც უძრავი ქონების სექტორმა პანდემიის პერიოდში გამოიჩინა.
„უკვე მესამე კვარტალი სრულდება და შეიძლება ითქვას, რომ მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნა სტაბილური და მზარდი იყო. ზოგადად, ზაფხულის პერიოდს ახასიათებს სეზონურობა თუმცა, წელს ამ მხრივაც გამონაკლისი იყო, აგვისტოში არ შემცირებულა მოთხოვნა. რამდენიმე ფაქტორია რამაც განაპირობა მოთხოვნის ზრდა. მათ შორისაა კოვიდის ეფექტი. კრიზისულ პერიოდს ახლავს ეკონომიკური აღმასვლა,“ - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.