"დეგუსტოს" პროდუქციის 10%-ით გაძვირება უწევს
კვების ობიექტი „დეგუსტო“ პროდუქციის 10%-ით გაძვირება უწევს. კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ნორაკიძე „ბიზნესპარტნიორთან“ მიზეზად ინფლაციას ასახელებს.
როგორც „დეგუსტოს“ ხელმძღვანელი განმარტავს, გაზრდილი ინფლაციის და დაბალი მსყიდველუნარიანობის პირობებში კომპანია მაქსიმალურად ინარჩუნებს ფასებს, თუმცა ეს უკვე შეუძლებელი ხდება, თითქმის ყველა ნედლეული 25%-ით არის გაზრდილი.
„მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასაც ზღვარი აქვს. არ გვინდა მეტით გაზრდა, თუმცა, ფასების შენარჩუნებას ვერ ვახერხებთ,“ - აცხადებს ნორაკიძე.
„დეგუსტოს“ ხელმძღვანელი პანდემიის პერიოდსაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ისევე როგორც ბევრ სხვა ბიზნესმა, „დეგუსტომაც“ ამ პერიოდში დიდი ზარალი განიცადა.
„სიტუაციიდან გამოსვლაში ჩვენი პარტნიორი ამერიკული საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-ი დაგვეხმარა, რომელსაც „დეგუსტოში“ 49%-იანი წილი აქვს. რომ არა მისი დახმარება, „დეგუსტო“ ვერ გადარჩებოდა. მისი დახმარებით შევძელით 2-წლიანი რთული პერიოდის გადატანა. სწორედ პანდემიის დროს მოგვიწია 4 ფილიალის დახურვა.
დღეს სიტუაცია პოზიტიურისკენ არის შეცვლილი და პანდემიამდელი გაყიდვების მაჩვენებლებს თითქმის გავუთანაბრდით,“ - აცხადებს ნორაკიძე.
„დეგუსტო“ ბაზარზე 2016 წლიდანაა და ახლა თბილისის მასშტაბით 14 ფილიალის მფლობელია.