"დეგუსტო" ფილიალების გახსნას ბათუმსა და ბაკურიანში გეგმავს
„დეგუსტო“ კვების ობიექტების გახსნას ბათუმსა და ბაკურიანში გეგმავს - "დეგუსტოს" ხელმძღვანელი სანდრო ნორაკიძე 2022-2023 წლის გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, „დეგუსტოს“ ბათუმში და ბაკურიანში გახსნა 2023 წლის ბოლოსთვის განიხილება. "ეს არის გრძელვადიანი გეგმა, 2022 წელს კი აქცენტი არსებული ობიექტების კიდევ უფრო განვითარებაზე გაკეთდება".
მომხმარებელი სიახლეებს უნდა ელოდოს „დეგუსტოს“ არსებულ ობიექტებშიც. ნორაკიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის „დეგუსტოს“ მხოლოდ ერთ, მარჯანიშვილის ფილიალში ოპერირებს "დეგუსტო" იტალიურის, "დეგუსტო" აზიურის, "დეგუსტო" ვეგანურის და "დეგუსტო" დიეტურის მიმართულება, რომლის დაგემოვნება მხოლოდ გატანის სერვისის ფარგლებშია შესაძლებელი.
მიმდინარე წლის ბოლომდე, მომხმარებელი ამ მიმართულებების დაგემოვნება გატანის სერვისის ფარგლებში დამატებით 3 ფილიალიდანაც (ვაკე, საბურთალო, დიღმის ობიექტები) შეძლებს.
ნორაკიძე ამბობს, რომ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები პანდემიამდელ მაჩვენებლებს მიუახლოვდა.
„გლობალურმა პანდემიამ დიდი ზარალი მოგვაყენა. სიტუაციიდან გამოსვლაში ჩვენი პარტნიორი ამერიკული საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-ი დაგვეხმარა, რომელსაც „დეგუსტოში“ 49%-იანი წილი აქვს. რომ არა მისი დახმარება, „დეგუსტო“ ვერ გადარჩებოდა. მისი დახმარებით შევძელით 2 წლიანი რთული პერიოდის გადატანა. სწორედ პანდემიის დროს მოგვიწია 4 ფილიალის დახურვა,“-აცხადებს ნორაკიძე.
შეგახსენებთ, „დეგუსტო“ ბაზარზე 2016 წლიდანაა და ახლა თბილისის მასშტაბით 14 ფილიალის მფლობელია.