ბიზნესი
05/10/2022

დაზღვევის კულტურის ამაღლების მიზნით, ორგანიზაცია "ალიანსი დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის" შეიქმნა

„დაზღვევის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ცნობადობის გაზრდა, მისი მნიშვნელობისა და სარგებლიანობის სრულფასოვნად გააზრებაში საზოგადოების სხვადასხვა წრეებისთვის დახმარების გაწევა, სადაზღვევო ბაზრის ჯანსაღი განვითარების ზრდის ხელშეწყობა, სოციოლოგიური კვლევებისა და სხვა საშუალებებით  სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვება და მათი ანალიზი. –  ეს ის ძირითადი მიზნებია, რის გამოც დაფუძნდა ახალი, ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო ორგანიზაცია – „ალიანსი დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის“, – ნათქვამია, სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ალიანსის“ ხელმძღვანელის, ჟურნალისტის და ეკონომისტის, გიორგი გიორგაძის თქმით, აუცილებელია, რომ თანმიმდევრულად, თუნდაც ეტაპობრივად, დაზღვევა როგორც ფინანსური სერვისი, გახდეს უფრო ცნობადი და  ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეების ყველა სოციალური ჯგუფისთვის.

„ჩვენი „ალიანსის“ შექმნა განაპირობა იმ აუცილებლობამ, რომ სადაზღვევო პროდუქტები, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების კვალდაკვალ, მოკლე დროში უნდა გახდეს ყოფის ისეთივე განუყოფელი ნაწილი, როგორც მაგალითად, სადღეისოდ არის საბანკო პლასტიკური ბარათი. ეს გარდაუვალი წინაპირობაა ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების დახვეწის და განვითარებისთვის. საამისოდ, დაზღვევის სფეროში, ვფიქრობ, ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა დაზღვევის კულტურის ამაღლებაა, რაც გულისხმობს, როგორც ამ ინსტრუმენტის ცნობადობის გაზრდას და პროდუქტების სოციალური სიკეთის სერვისად აღქმას,ისე ურთიერთპატივისმცემლური, მხარეთა შორის სახელშეკრულებო დისციპლინაზე დამყარებული ბიზნესურთიერთობების გამყარების ხელშეწყობას და სხვა“, – აღნიშნა გიორგაძემ.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სახელწოდებაში სიტყვა „ალიანსის“  არსებობა შემთხვევითი არ არის და მას კონკრეტული დატვირთვა აქვს. „ალიანსი“ თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ჩვენი გუნდი, რომელიც ძირითადად, ეკონომისტებისგან, ჟურნალისტებისგან და სოციოლოგებისგან იქნება დაკომპლექტებული, სრულ მზადყოფნაშია დაზღვევის სექტორის განვითარების საქმეში ჩართულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ უწყებასთან, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან სათანამშროლოდ ალიანსის შესაკვრელად მთავარი მიზნისთვის, რასაც დაზღვევის კულტურის განვითარება ჰქვია. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ყოველი აქტივობა ამ მზაობის დამადასტურებელი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი გიორგაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარებით დაინტერესებულმა ყველა მხარემ ობიექტურად დაინახოს დღეს არსებული ვითარება და პერსპექტივა.

„ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ კარს არის მომდგარი ევროასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული, მესამე პირისადმი ავტომოტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის მიღება და მისი ამოქმედება. აუცილებელია, ეს ეტაპი ყველა მონაწილე მხარის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და წარმატებით იქნას გავლილი. ეს დიდი ბიძგი გახდება როგორც საკუთრივ სექტორის, ისე, ჯაჭვური გადაცემის ეფექტიდანგამომდინარე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შემდგომ, დარწმუნებული ვარ, უკვე არცთუ შორეულ პერსპექტივაში, სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ფართო პოპულარიზაციის ეტაპიც დადგება. ამ ყველაფერმა შედეგად უნდა მოიტანოს სადაზღვევო სექტორის წილის დინამიური ზრდა ქვეყნის საფინანსო სექტორში, რაც თავის მხრივ, განვითარების ჯანსაღი ვექტორის დამადასტურებელი იქნება.

ამ ამოცანების შეუფერხებლად გადაჭრის გზაზე ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა დაზღვევის კულტურის ამაღლებაა. როგორც აღინიშნა,  ჩვენი „ალიანსი“ დიდწილად ამ ამოცანის შესასრულებლად დაფუძნდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.