ბიზნესი
24/11/2021

დავით სონღულაშვილი სათამაშო ბიზნესზე: უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, გაიზარდოს გადასახადები

სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ, - დარგორბივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ონლაინ კაზინოების რეგულაციებითან დაკავშირებით ინიციატივას ეხმიანება.

„მნიშვნელოვანია მთავრობის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ონლაინ კაზინოების საქმიანობის რეგულაციების გამკაცრებას. სამწუხაროდ, ეს აზრი თავიდან აღიქვეს, როგორც მთლიანად სექტორის ოპერირების შეჩერების მცდელობა და მინდა ვთქვა, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა. უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, გაიზარდოს გადასახადები და შეიზღუდოს რეკლამა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაზინოების და ონლაინბეთინგის კომპანიების საქმიანობა უნდა შეჩერდეს. კანონმდებლობის გამკაცრების კუთხით ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ევროპული გამოცდილებით და ვიპოვნოთ ოქროს შუალედი ბიზნესის ინტერესებსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის. არც კომპანიები უნდა დაზარალდნენ და არც მოქალაქეებს უნდა შეექმნათ ფინანსური პრობლემები.

დამაიმედებელია ეკონომიკური ზრდა და ეს ტემპები ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება იმ ინიციატივებსა და ახალ პროგრამებს, რომელიც, როგორც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, უნდა გაგვაცნონ მთავრობის წევრებმა უახლოეს ხანებში. ჩვენ დაველოდებით ახალ გეგმებს და კომიტეტი აუცილებლად ჩაერთვება ეკონომიკური რეფორმების პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ასევე - საზედამხედველო კუთხით. ამასთან, ჩვენ გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია სხვადასხვა სექტორის, ბიზნესკომპანიების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ამ მიმართულებით, რათა ამ პროცესში მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა," - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო რეჟიმის შეცვლას გეგმავს. საქმე ეხება განსაკუთრებით ონლიან კაზინოებს. პრემიერმა უკვე დაანონსა, რომ ამ ტიპის კაზინოებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, ბარიერი გაიზრდება 25 წლამდე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მომავალში ონლაინ კაზინოები ქვეყანაში საერთოდ აიკრძალება, მოგვიანებით მან განმარტა, რომ მისი ინიციატივა კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორად განმარტეს. „ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში. მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა," - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის მიერ წაგებული თანხა 1.5 მლრდ ლარია, აქედან დიდი ნაწილი 99% გაჭირვებული მოსახლეობაა.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას ფინანსთა სამინისტრო 1 კვირაში წარმოადგენს. მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას შეეხება. საგადასახადო ტვირთი კი, საკმაოდ მაღალი იქნება. 

Businesspartner