დავით გონდაური: წელს ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტული ნაკადები, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი დავით გონდაური cbw.ge-სთან 2022 წელს ეკონომიკაში მოსალოდნელ ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზოგადად ვაქცინაციის ნელი ტემპი ტურიზმის აღდგენას აფერხებს. შესაბამისად, ვირუსის შესაძლო ახალი ტალღების კვალდაკვალ, 2022 წელს გარკვეული ქვეყნებიდან ტურისტული შემოდინება შესაძლოა კვლავ შემცირდეს. ამ რისკის მატერიალიზებამ შესაძლოა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გააღრმავოს და ქვეყნის სუვერენული რისკის გადაფასება გამოიწვიოს.
მისი განცხადებით, წელს მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაც. ეროვნული ბანკის საბაზო სცენარით, 2021 წელს რეალური მშპ 10%-ით, წელს კი 5%-ით გაიზრდება. მაღალი შიდა მოთხოვნა ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იქნება.
„იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან დროებითი ფაქტორების წვლილი წლიურ ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელია, მოსალოდნელია, რომ, როდესაც წლიური ინფლაციის დათვლიდან აღნიშნული ერთჯერადი ფაქტორები ამოვარდება, ინფლაციამ მნიშვნელოვნად კლება უნდა დაიწყოს. ეს შემდეგი წლის მეორე კვარტალიდან არის მოსალოდნელი და ამ პროცესს, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაციაც შეუწყობს ხელს,” - აცხადებს გონდაური.
რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი განმარტავს, გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, სავარაუდოდ მონეტარული პოლიტიკა მკაცრ პოზიციაზე შენარჩუნდება.
„გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები ეგზოგენური და დროებითია. სხვა თანაბარ პირობებში, ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, მსგავსი ტიპის შოკებზე არ რეაგირებენ, ვინაიდან ამ ტიპის შოკების გავლენა, როგორც წესი, თავისით ქრება და მათზე რეაგირება დამატებით ეკონომიკურ მერყეობას იწვევს,”-აცხადებს გონდაური.