დაკორექტირდება თუ არა ონლაინ ვაჭრობისას განბაჟების ₾300-იანი ლიმიტი
საქართველოში დღითი დღე მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ავტომობილების ნაწილებს თუ ტანსაცმელს უცხოეთიდან, ელექტრონული კომერციის გზით ყიდულობს. ბუნებრივია, ეს ტენდენცია, ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და ინტერნეტთან წვდომის მასშტაბის ზრდის შეუქცევადი პროცესის ფონზე, კიდევ უფრო გამყარდება.
ჩვენთან განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ის და ჩინეთის ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები, თუმცა ბოლო პერიოდში, თურქეთში მიმდინარე ინფლაციურმა პროცესმა თურქული ინტერნეტ მაღაზიებისადმი ქართველი მომხმარებლების ყურადღება მნიშვნელოვნად გაზარდა და საფოსტო გზავნილების საშუალებით საცალო პროდუქტის შეძენამ პრაქტიკულად მასობრივი ხასიათი მიიღო.
რიგ შემთხვევებში ისეც ხდება, რომ მომხმარებელი საფოსტო გზავნილის საშუალებით, არა მხოლოდ ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებს იწერს და ყიდულობს, არამედ სურსათსაც. უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკაა ზეთის, ორცხობილების, შოკოლადის კარაქის (ნუტელა) და სხვა ნაკლებად მალფუჭებადი სასურსათო თურქული წარმოების პროდუქტის ამ გზით შეძენა.
განბაჟების დღეს არსებული 300 ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა. მანამდე, 2007-2009 წლებში საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500-ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა. შესაბამისად, 1500 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილი გადასახადისგან გათავისუფლებული. ლიმიტი ხუთჯერ მას შემდეგ შემცირდა, რაც ქვეყანაში ონლაინ შოპინგი უფრო და უფრო პოპულარული გახდა.
ბოლო პერიოდში, ონლაინ შესყიდვების პრაქტიკის მკაფიო ზრდის ფონზე,საცალო კომერციის მასშტაბის ზრდა ერთგვარი გამოწვევა ხდება, როგორც საცალო კომერციის ადგილობრივი ქსელებისთვის, ისე საბიუჯეტო შემოსავლების პოტენციური კლების თვალსაზრისით.
შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა და წინა პლანზე წამოვიდა არსებული დაბეგვრის რეჟიმის ახლებურად დარეგულირება. ჟღერდება ინიციატივები, რომლის მიხედვითაც სექტორის ერთი ნაწილის წარმომადგენლები დასაბეგრი ლიმიტის (300 ლარი) გაზრდას ითხოვენ, ხოლო მეორე ნაწილი კი ბაზარზე თანაბარი სასტარტო პირობების დამკვიდრებას ითხოვს.
„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ იგეგმება „საცალო კომერციის ასოციაციის“ დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება აღნიშნულ ბაზარზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და ამ გამოწვევებზე შესაბამისი რეკომენდაციებისა თუ საკანონმდებლო ინიციატივების დასმაზე.
უფრო კონკრეტულად ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ „კომერსანტი“ ასოციაციის დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ,ეკონომისტ ბაჩანა ჯინჭარაძეს ესაუბრა.
ჯინჭარაძის განცხადებით, „საცალო კომერციის ასოციაციის“ მიზნებისა და ამოცანების თაობაზე კონკრეტულ ინფორმაციას, საინიციატივო ჯგუფი, საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაუზიარებს. მანამდე კი იმის თქმა შეიძლება, რომ საცალო კომერციის წინაშე არსებული გამოწვევები საკმაოდ არსებითია და მათი სისტემატიზება და მათზე თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო.
ბაჩანა ჯინჭარაძის თქმით, ასოციაცია შეეცდება საზოგადოების წინაშე მსჯელობის საგნად აქციოს ის, თუ რამდენად უშლის ხელს, ან პოტენციურად რამდენად დრამატულად შეუშლის მომავალში ხელს საცალო კომერციის ბიზნესს საფოსტო ამანათების განბაჟებაზე არსებული საშეღავათო ლიმიტის არსებობა. „ეს მომენტი აუცილებლად უნდა იქცეს ფართო მსჯელობის საგნად და ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ საცალო კომერციის წარმომადგენელთა საფიქრალი. აქ საკმაოდ მასშტაბურად შემოდის ფისკალური საკითხიც. მოგეხსენებათ, არსებული შეღავათი ინტერნეტ შოპინგის წახალისების მიზნით დაწესდა, თავის დროზე, და მალევე მაშინ დაწესებული 1500 ლარის მოცულობის ლიმიტი 5 ჯერ შემცირდა. ფაქტია, ეს სწორედ ფისკალურ მომენტზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზების მიზნით მოხდა. ვფიქრობ, ამ კუთხით, ახლაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია და მისი მაქსიმალურად სამართლიანად გადაწყვეტა დიდ და პროფესიულ ყურადღებას მოითხოვს დაინტერესებული მხარეების მხრიდან.
ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც სწორედ ის იქნება, რომ საზოგადოებაც და ფისკალური ხელისუფლებაც დავარწმუნოთ, რომ საცალო კომერციის მონაწილე ყველა პირი, მიუხედავად იმისა, ფიზიკური პირის სტატუსით მოქმედებს ის თუ იურიდიულის, უნდა ჩადგეს თანაბარ პირობებში და სწორედ ეს მოცემულობა გახდება ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ბაზარი მომავალში სამართლიანად განვითარდება.
გარდა ამისა, არის კიდევ ბევრი სხვა ფაქტორიც, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება საცალო კომერციის განვითარების მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ თვალსაზრისით ჩვენი ასოციაცია მოწოდებული იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალედ ითანამშრომლოს ანალოგიური და მომიჯნავე პროფილის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან“, - განმარტა ჯინჭარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საცალო კომერციის წარმომადგენლებთან ასოციაციაში გაწევრების მიმართულებით და სულ რამდენიმე კვირაში, ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ „საცალო კომერციის ასოციაციის“ დაფუძნებამდე მივა.
„ვგეგმავთ აქტიურ და გამჭვირვალე კომუნიკაციას, როგორც საცალო კომერციის წინაშე არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ყველა მხარესთან, ისე საკითხით დაინტერესებულ მედიასთან“, - აღნიშნა ჯინჭარაძემ.
"კომერსანტი"