ბიზნესი
30/08/2021

დაინგრევა თუ არა საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინა 2 კვირაში გახდება ცნობილი

IG Development-ი „თიბისი ბანკისგან“ გამოსყიდული ობიექტის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფციისთვის არქიტექტურულ კომპანიას 2 კვირაში კონკურსის წესით შეარჩევს და ხელშეკრულებას გააფორმებს.

შენობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე N2-ში მდებარებს, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინა იყო. ობიექტი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი, ახლა კი საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

როგორც რითეილ ბაზრის ლიდერ IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა სანდრო ტოგონიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კონკურსში მონაწილეობას 7 ქართული არქტიტექტურული კომპანია იღებდა, რომლიდანაც 2 შეირჩა, გამარჯვებული კი 1 იქნება. 

„ამის შემდეგ მომზადდება ხელშეკრულება. რომელმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა კონკურსში, ამის დასახელებისგან თავს შევიკავებთ. როდესაც  გამარჯვებულს გამოვავლენთ, ამის შემდეგ შევძლებთ დავასახელოთ თუ ვინ იმუშავებს მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფციაზე,“ - აცხადებს ტოგონიძე.

ტოგონიძის განმარტებით, პროექტში აქცენტი რეკრეაციული სივრცის მოწყობას მიენიჭება. საწყის ეტაპზე კომპანია პროექტში 120-150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კითხვაზე, როდის დაიწყება უშუალოდ სამშენებლო პროცესი, ტოგონიძე აცხადებს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მშენებლობის დაწყება  სწრაფი ტემპით ვერ მოხდება. პირველ რიგში უნდა დაიწყოს მუშაობა განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, ამის შემდეგ კი დაიწყება დეტალური პროექტირება, რომელიც მზად 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს.

მისი განცხადებით, სწორედ კონცეფციის არსებობის შედეგად გაირკვევა სრულად დაინგრევა თუ შენარჩუნდება არსებული შენობა.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.