ბიზნესი
04/03/2022
დაჩი ჭოლაძე: "პულსარი" "ბილაინთან" ურთიერთობას წყვეტს
ქართული სტარტაპი "პულსარი" უკრაინას თანადგომას უცხადებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დაჩი ჭოლაძე აცხადებს, ხალხს უფრო მეტად შეუძლია დაეხმაროს უკრაინას, ვიდრე მთავრობებს.
"მოდით არ გავჩერდეთ.ჩვენ წარმოვადგინოთ ჩვენი თავი პირველ რიგში ჩვენივე "სანქციებით" და ქმედებებით და ნუ დაველოდებით იმათ, ვისაც ამ სიმახინჯეში ყოფნა შეუძლია და პირადი უსაფრთხოება და პირადი კეთილდღეობა ურჩევნია ღირებულებებით ცხოვრებას.
ქართული "პულსარი", რომელიც ჩვენი ამერიკის exit-ის შემდეგ საქართველოში "სუპერნოვა" - ს სახელით მოღვაწეობს, ემსახურება ადგილობრივ კომპანიებს. ეს სწორედ ის კომპანიაა, რითიც დაიწყო "პულსარი".
დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ ჩვენს კლიენტთან, “ბილაინთან” (ვიონი საქართველო) ურთიერთობა და დავაძინოთ ჩეთბოტი "სუპერ ბი".
ამ კომპანიაში ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და გული გვწყდება, რომ მათთან აღარ მოგვიწევს გადაკვეთა, მაგრამ გვჯერა, რომ ისინიც სიმართლის მხარეს დგანან და აუცილებლად შევძლებთ მომავალში ერთად ვემსახუროთ ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს - რუსეთის გარეშე.
გვსურდა, სანამ დავემშვიდობებოდით "სუპერ ბი" - ს, გაგვეკეთებინა ასეთი კამპანია ამ ბოროტების წინააღმდეგ:
რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ დავემშვიდობებოდით "სუპერ ბი" - ს, ბოტი შეტყობინებებს დაუმატებდა მესიჯს "Slava Ukraini! დიდება უკრაინას!"
ამ შეთავაზებაზე უარი მივიღეთ კომპანიისგან.
შესაბამისად, აუცილებელი სამუშაოების შემდეგ, ჩვენ პირდაპირ დავაძინებთ “სუპერ ბი” - ს.
ამის პარალელურად, კიდევ ერთ კომპანიასთან გავწყვიტეთ თანამშრომლობა და ეს Kvalifika -მ დააინიცირა. ცოტა ხნის წინ, მოხდა კომპანია Kvalifika - ს და "სუპერნოვა" - ს (aka ქართული პულსარი) დისტანციური ვერიფიკაციის მიმართულების შერწყმა და განვაგრძეთ ოპერირება ერთ კომპანიად. ამ დღემდე, ეს კომპანია ემსახურებოდა ამ სერვისით VTB Bank - ს. Kvalifika - მ მიიღო გადაწყვეტილება და VTB Bank - თან შეწყვიტა თანამშრომლობა. მადლობა Kvalifika - ს გუნდს ამისთვის!
Slava Ukraini! დიდება უკრაინას!"-წერს ჭოლაძე საკუთარ Fb გვერდზე.
შეგახსენებთ,დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წელს ერთად დაიწყეს მუშაობა, შეიმუშავეს AI ტექნოლოგია საქართველოს ფინანსური კომპანიებისთვის. 2019 წელს სოფო ჭყოიძე შეუერთდა გუნდს და მათ ერთად დააარსეს Pulsar, რომელმაც მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია შექმნა. კომპანიამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA ) მხარდაჭერაც მიიღო.
2021 წელს კი ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალურმა კომპანია SPINCAR-მა ქართული სტარტაპი PULSAR AI-ი იყიდა.