CROSTY: საქართველოში წარმოების ზრდისთვის კადრების სიმცირეა
ფეხსაცმელების ქართულმა ბრენდმა CROSTY წარმოება საქართველოდან (ქუთაისი) იტალიაში გადაიტანა.
კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ წარმოების გადატანის გადაწყვეტილება კომპანიამ რამდენიმე მიზეზის გამო მიიღო.
პირველი, წარმოების მოცულობების უსაფრთხოების არ არსებობა და მეორე, პროფესიონალი კადრის სიმცირე იყო.
მისი განცხადებით, პრობლემაა ხარისხიანი პროდუქციის წარმოების გამოცდილებაც.
„წარმადობის გარკვეულ დონეზე საქართველოში რესურსები არსებობს, იმის იქით არა. საქართველოში ალბათ არ არიან დაინტერესებულნი ამ მიმართულებით განვითარდნენ, ცოტა კადრია იმისთვის, რომ წარმოება გაიზარდოს. ჩვენ როდესაც ფეხსაცმელებს აქ ვაწარმოებდით, გვყავდა ორი კონტრაქტორი საწარმო, რომელთანაც ჩვენი სტანდარტები დავნერგეთ.
ჩვენ ინდუსტრიაში ბრენდი და წარმოება ორი სხვადასხვა ბიზნესია. შესაბამისად, ყველა ბრენდს ჰყავს თავისი საწარმო, სადაც მუშაობს და ზრდის წარმადობას. იგივეა იტალიაში, ერთ საწარმოს არ შეუძლია შენი მთლიანი წარმოება უზრუნველყოს. საქართველოში 2 საწარმო იყო, რომელსაც ჰქონდა რესურსები ჩვენს მაშინდელ წარმადობას მომსახურებოდა, მაგრამ დღეს უჭირთ.
ხარისხის შენარჩუნება დიდ რაოდენობაზე უჭირთ, რაზეც ჩვენ დამატებით ძალები მიგვდიოდა, გვჭირდებოდა ხარისხის კონტროლის სისტემის და მენეჯმენტის დანერგვა გვჭირდებოდა, ამაზე ზედმეტი რესურსები მიდიოდა,“ - აცხადებს გიორგი მიქაია.
CROSTY-ს შექმნის იდეა ორ ძმას ეკუთვნის. კომპანიამ 2016 წლის ნოემბერში ოფიციალურად დაიწყო სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები და ექსპორტეც გავიდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ნიშურ სეგმენტში კონკურენციას მსოფლიოს ცნობილ ბრენდებსაც უწევენ. ქართველი მომხმარებლისთვის ფეხსაცმლის ფასები 500-დან 850-ლარამდე მერყეობს. კედების დიზაინი ძირითადად დამფუძნებლების მიერ იქმნება.საწყის ეტაპზე ფეხსაცმელები ქუთაისში იკერებოდა.
Crosty მოირგო არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა, მათ შორის არიან სტეფან კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცნეგერი, კლეი ტომფსონი და სხვები.