ბიზნესი
23/06/2021

Cosco Shipping: საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასი გაოთხმაგდა

„კოსკო შიფინგ ლაინის“ ინფორმაციით, საკონტეინერო გადაზიდვების ფასი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გაოთხმაგებულია.

კომპანიის წარმომადგენლის გივი ჩაჩანიძის განმარტებით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვის ღირებულება 12 000 დოლარამდეა გაზრდილი.

„ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას თან ერთვის ის, რომ აზია-ევროპის სავაჭრო გზაზე უდიდესი პრობლემაა ის რომ გემებზე ადგილები არ არის. ამ ფონზე ჩვენც გვიწევს მაღალი ტარიფით ტვირთების მომსახურება. თავიდან ვფიქრობდით, რომ ჩინური ახალი წლის შემდეგ ფასები შემცირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ ამას დაემატა სუეცის არხში გემის გაჭედვა, რამაც ფასები კიდევ უფრო გაზარდა. ორმოციან კონტეინერზე საშუალოდ ყოველთვის 2500-3500 დოლარად ვმუშაობდით, დღეს ეს თანხა გაოთხმაგებულია. გემებზე ივლისის ბოლომდე ადგილი არ არის და ახლა რთულია იმის თქმა როდის დასტაბილუდება სიტუაცია და აღდგება ტვირთბრუნვა. სექტემბერში გამოჩნდება რა იქნება წლის ბოლომდე,“ - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა შემცირდა. ოთხ თვეში პორტებში 5.5 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც 400 ათასი ტონით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით. გადამზიდავი კომპანიები ელიან, რომ ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Businesspartner