ბიზნესი
12/04/2022

"ჭრებალოს მარანი" ზაფხულში სადეგუსტაციო სივრცეს და რესტორანს გახსნის

„ჭრებალოს მარანი“ ზაფხულში რესტორანს და სადეგუსტაციო სივრცეს გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მარნის თანადამფუძნებელმა სოფო ლეკიშვილმა განუცხადა, გაფართოების შემდეგ ადგილზე მოეწყობა ტრეინინგ და საკონფერენციო სივრცეც.

მისი განცხადებით, ადგილზე მოხდება რაჭა-ლეჩხუმში წარმოებული სხვადასხვა პროდუქტის ტურისტების შეთავაზებაც.  

„ჭრებალოს მარანი" მცირე ზომის ბუტიკური მარანია, რომელიც აწარმოებს 2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის მხარის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ღვინოებს.

სოფო ლეკიშვილის განცხადებით, მარანი წელიწადში დაახლოებით 20 000 ბოთლს აწარმოებს, საიდანაც ნახევარს ადგილობრივ ბაზარზე, ნახევარს კი ექსპორტზე ყიდის. ამ ეტაპზე „ჭრებალოს ღვინის მარნის“ ღვინოები გადის ბალტიის ქვეყნებსა და აშშ-ში.

მისი ინფორმაციით, ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. მათ შორის, იაპონიასთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან.

მარანი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება.

„ჭრებალოს მარანი“  რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 8 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს.ასევე 2 სახეობის ჭაჭას. ღვინის საშუალო ფასი  ამ დროისთვის 20-45 ლარის ფარგლებშია.