"ჭკვიანი თხილი" შესაძლოა, ისრაელის ბაზარზეც გავიდეს
„ჭკვიანი თხილი“ ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ანდრიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროდუქტის მცირე პარტია სექტემბერში იაპონიაში უკვე გავიდა. ახლა კი კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს ისრაელთან აწარმოებს.
კომპანია ამჟამად 5 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა: „მოხერხებული მიწისთხილი“,„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ ,„გიჟმაჟი პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“.
ნინო ანდრიაძე გაზრდილ გაყიდვებზე საუბრობს და განმარტავს, რომ კომპანია 4 წელია არსებობს და პანდემიის პირობებში გაყიდვების გაზრდა შეძლო და ეს ელექტრონული კომერციის განვითარების საშუალებით მოახერხა. როგორც "ჭკვიანი თხილის" თანამდამფუძნებელი აცხადებს, რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 8-ჯერ გაიზარდა.
„4 წელია ბაზარზე ვართ, ჩვენ ვართ პირველი ქართული თხილის პასტების მწარმოებელი კომპანია, უკვე ავიღეთ ISO22000 სტანდარტიც. ექსპორტის განვითარებისკენაც ეტაპობრივად მივდივართ. პანდემიამ ხელი შეგვიწყო იმაში, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ონლაინ შოპინგის საჭიროება. ჩვენი გაყიდვები გასულ წელს საკმაოდ გაიზარდა, ამან დინამიურ ზრდას შეუწყო ხელი,“-აცხადებს ანდრიაძე.
კომპანია პროდუქციას სასტუმროებისა და საკონდიტროებისთვისაც აწარმოებს. „ჭკვიანი თხილი“ „აგროჰაბში“ აპირებს შესვლას.
მისი ინფორმაციით, თხილის პასტა არ შეიცავს კონსერვანტებს, შაქარს და მხოლოდ მცირე რაოდენობით თაფლით არის დამტკბარი. ახალმოხალული თხილის არომატს ეხამება ნატურალური, მადაგასკარის ვანილი. კომპანია დიაბეტურ და ვეგანურ პროდუქციასაც ამზადებს.
ანდრიაძის განცხადებით, საახალწლოდ მომხმარებელს სიურპრიზს უმზადებს. საუბარია, ახალი პროდუქტის გამოშვებაზე. დამატებით დეტალებზე ანდრიაძე ამ ეტაპზე არ საუბრობს.
„ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.
კომპანიის საწარმო თბილისში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. საათში კი 100 კგ-ს აწარმოებს.