ბიზნესი
22/03/2021

"ჩხირკედელას" ორგანული პლასტელინი გერმანიაში გაიყიდება

ქართული კომპანია, რომელიც 2–10 წლამდე ბავშვებს უსაფრთხო, ორგანულ პლასტელინს სთავაზობს პროდუქციას გერმანულ ბაზარზე გაიტანს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ჩხირკედელას დამფუნებელი მაია შერვაშიძე ამბობს, კომპანია გერმანულ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ვგეგმავთ ქალაქ მიუნსტერში არსებულ მაღაზიასთან თანამშრომლობას, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის საბავშვო ტანსაცმელს და სათამაშოებს სთავაზობს. გვინდა ქართული პროდუქტი გავაცნოთ გერმანელ მომხმარებელს.

მუდმივად ვფიქრობთ პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაზე. კონკრეტულად კი შეფუთვის საკითხია ჩვენთვის აქტუალური. ძალიან გვინდა მომხმარებელს Zero Effect–ის შეფუთვით შევთავაზოთ პროდუქტი, რაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან პლასტელინის სწორი შენახვისთვის აუცილებელია დაცული იყოს ჰერმეტულობა. ეს კი ქაღალდის შეფუთვაში შეუძლებელია. ამიტომ გვინდა მინის პატარა ქილებით ჩავანაცვლოთ. ამგვარად კი თითქმის 0-ზე დავიყვანთ გარემოსთვის მავნე მასალების გამოყენებას,“– აღნიშნავს მაია შერვაშიძე.

“ჩხირკედელა“ მომხმარებელს ორგანულ, ხელნაკეთ, მაღალი ხარისხის ქართული წარმოების პროდუქტს სთავაზობს. პლასტელინი მთლიანად საკვები პროდუქტებისგან მზადდება. მასში შემავალი ინგრედიენტები ორგანულია და თეორიულად ჩხირკედელას პლასტელინები იჭმევა, თუმცა მისი მლაშე გემო ბავშვებისთვის უინტერესოა. უბრალოდ ბავშვი დაცულია პლასტელინის პირში მოხვედრისას და მშობელს შეუძლია მშვიდად იყოს. პლასტელინი არ შეიცავს ტყვიას, ქრომს, კონსერვანტებს, არომატებს და კარცეროგენული დაავადებების გამომწვევ სხვა ნივთიერებებს. პროდუქტის მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი.

„პლასტელინის შექმნის პროცესი დასაწყისისთვის საკმაოდ შრომატევადი და რთული იყო, რადგან სამუშაოები თავიდან ბოლომდე ხელით სრულდებოდა. შემდეგ ჩემმა მეუღლემ პლასტელინის დასამზადებელი დანადგარი გამოიგონა, რომლის შეძენას საქართველოს საზღვრებს გარეთაც ვერ შევძლებდით. ამის შემდეგ სამუშაო პროცესი გამარტივდა, რამაც საშუალება მოგვცა ერთდროულად დიდი რაოდენობის პლასტელინი გვეწარმოებინა.

პროდუქტი იყიდება ისეთ მაღაზიაში და დაწესებულებაში, რომელის იდეა და ფასეულობებიც ორიენტირებულია ბავშვის ჯანმრთელობასა და ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე გარემოს გაფრთხილებაზე. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ 10–მდე კომპანიასთან. პლასტელინები ბაზარზე არსებული, ყველასათვის ცნობილი და ხარისხიანი უცხოური ბრენდების ფასებს ან უტოლდება ან მასზე ნაკლებია.

პროექტი კერძო ინვესტიციიტ განხორციელდა,“ – ამბობს „ჩხირკედელას“ დამფუძნებელი.