ბიზნესი
07/12/2021

ჩირის საშრობი აპარატების წარმოება გორში - პროდუქციამ კონკურენცია იმპორტირებულს გაუწია

ჩირის საშრობი აპარატების  მწარმოებელი კომპანია „ენლილის“ დამფუძნებელი ბადრი ციქუბაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გორში წარმოებულმა აპარატებმა კონკურენცია იმპორტირებულს გარკვეულწილად უკვე გაუწია.

„იმპორტირებული საშრობი აპარატებისგან განსხვავებით ქართულს საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ის, რომ მსუბუქია, ეკონომიურია ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ. გარდა ამისა, ჩინურ და თურქულ ვარიანტებში არის მაღალი ტემპერატურა, რათა პროდუქცია სწრაფად გამოშრეს, ეს კი მის ჩახარჯვას და სასარგებლო ნივთიერებების აორთქლებას იწვევს. ასეთ დროს, პრაქტიკულად მივირთმევთ სრულიად უსარგებლო პროდუქციას, ჩემი წარმოებული აპარატის შემთხვეევაში ხილი მაქსიმალურად ინაჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს,“ - აცხადებს ციქუბაძე.

მისი განცხადებით, 2 წლის წინ დაწყებული საქმე დღეს უკვე პოპულარულია. ბადრი ციქუბაძე მომხმარებელს უკვე სთავაზობს საშრობ აპარატებს, სადაც შესაძლებელია როგორც ხილის გამოშრობა, ისე ბოსტნეულის.

„ენლილის“ აპარატების ფასი 2 500 ლარიდან (შესაძლებელია 50 კგ პროდუქტის გამოშრობა) 10 000 ლარამდე (300 კგ პროდუქტის გამოშრობა) მერყეობს. 

ციქუბაძე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის საშრობი აპარატების რეალიზება ონლაინ, ფეისბუქ გვერდის საშუალებით ხდება. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ბაზარზე წარმოდგენილი ტექნიკის მაღაზიებთან თანამშრომლობას და პროდუქციის შეტანას, ციქუბაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს გეგმა არ განიხილება, რადგან კომპანია „ენლილის“ წარმადობა მასიური წარმოებაზე არ არის გათვლილი.

„მას შემდეგ რაც გავფართოვდებით, მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია ამ თემაზე ვიფიქრო. ახლა თვეში 5-6 აპარატის აწყობა ხდება, ამ რაოდენობით კი ტექნიკის მაღაზიებთან ვერ ვითანამშრომლებ. ამ დროისთვის პროდუქცია მიწოდებული მაქვს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში,“ - აცხადებს ციქუბაძე.

„ენლილის“ დამფუძნებლის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია ჩირის საშრობი აპარატების ექსპორტზე გატანაც. ციქუბაძის განცხადებით, ამ დროისთვის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთთთან, ქართული აპარატების შესყიდვით დაინტერესებულია აზერბაიჯანიც.

მისივე ინფორმაციით, მიმავალი წლისთვის დაგეგმილია საწამოს გაფართოება. 

ბადრი ციქუბაძე  "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა .მეწარმეს  170 000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვება სურდა, თუმცა შარქების დაინტერესება ვერ შეძლო.