ბიზნესი
03/06/2022

"ჩირინა" სოსისის მაღაზიებს გახსნის

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ სოსისის  მაღაზიებს გახსნის.

როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, განიხილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საწყის ეტაპზე 6 ბრენდული მაღაზიის გახსნა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია მაღაზიისთვის საჭირო ტერიტორიის შერჩევის პროცესშია.

როგორც ვაშაკიძე აცხადებს, „ჩირინა“ სოსისების, ძეხვების და ქათმის ხორცის მარინადების წარმოებას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან  მას შემდეგ დაიწყებს, რაც სართიჭალაში ახალ ქარხანას გახსნის.

საწარმოში, რომელიც 3 ჰა ტერიტორიაზე აშენდა, 30 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდა.

ამ ეტაპისთვის  “ჩირინას“ „ბიუ- ბიუ“ ბრენდის სავაჭრო ჯიხურები და ბრენდული მაღაზიები აქვს.

შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.