ბიზნესი
03/02/2022

"ჩირინა" ქათმის ხორცის ძეხვის წარმოებას შემოდგომიდან დაიწყებს

„ჩირინას“ ძეხვის საწარმოს პროექტი დასასრულს უახლოვდება. კომპანია ქათმის ხორცის ძეხვის წარმოებას მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან დაიწყებს.

როგორც „ჩირინას“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პროექტში 30-32 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ვფიქრობთ, მესამე კვარტლში დავიწყებთ წარმოებას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საწარმო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში,“ - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ. მისივე განცხადებით, „ჩირინას“ მიერ წარმოებული ძეხვი როგორც ადგილობრივი ისე საექსპორტო ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

„პროდუქცია მხოლოდ საქართველოში არ გაიყიდება. ვაპირებთ, ძეხვეული ექსპორტზეც გავიტანოთ. თუმცა დასანანია, რომ მიუხედავად ევროკავშირთან არსებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებისა, ამ ბაზარზე შეღწევა ვერ ხერხდება. ბევრი საკანონმდებლო აქტი არის მისაღები ჩვენი პროდუქტის ევროპაში რეალიზაცია რომ მოვახერხოთ. აქედან გამომდინარე, გვიხდება ისევ ტრადიცილ, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტი,“ - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.

მისივე განმარტებით, „ჩირინა“ ქათმის ხორცპროდუქტების ექსპორტს ამ ეტაპზე სომხეთში ახორციელებს. ყოველთვიურად რეალიზაცია სომხეთის ბაზარზე 100-150 ტონაა. გასული წლის დეკემბერში კი მოთხოვნა შედარებით მაღალი იყო და სომხეთში 200 ტონა ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელა.

Businesspartner