ბიზნესი
03/08/2020

"ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე "ჩიკორის" ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია.

„ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა მაქსიმუმს მიაღწევს, ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალი ბაღების გაშენებაც. მიუხედავად ამისა, კომპანია არ შეწყვეტს ფერმერებისგან მოსავლის მიღებას, რადგან პროდუქტზე არსებული მაღალი  მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს“, - აცხადებს ბეჟანიშვილი.

მიმდინარე წელს კომპანია სეზონზე დაახლოებით 500 ტონა ხილის გადამუშავებას გეგმავს. სამომავლოდ კი დაგეგმილია ამ მაჩვენებლის თითქმის გაორმაგება. კომპანია უახლოეს 5 წელში გაფართოება/განვითარების მიმართულებით დაახლოებით ნახევარი მილიონიდან 1 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც ბეჟანიშვილი აცხადებს, კომპანია მომავალი წლიდან თხილის ხაზსაც დაამატებს.საუბარია, თხილი,ნუში და ასე შემდეგ. გაიზრდება ჩირის ასორტიმენტიც.

ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 15 სახეობის ჩირი იყიდება, აქედან რამდენიმე შოკოლადში ამოვლებული სახით. „ქარელის ხილის“ მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებს შორის არის - ქლიავის ჩირი, ქლიავის ჩირი შოკოლადში, გარგრის ჩირი შოკოლადში, ხურმის ჩირი, ხურმის და ატმის მიქსი, ნესვის ჩირი, საზამთროს ჩირი და ა.შ.

„ქარელის ხილი“ ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. დღეს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 40% საექსპორტოა.  ბაზრებს შორის არის იაპონია, ჩეხეთი, ლიეტუვა და გერმანია. მოლაპარაკებები მიდის აშშ-სთან, ისრაელთან.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე კომპანია „ქარელის ხილს“ დღეს  ბაზრის 80%-ი უჭირავს.

„ქარელის ხილის“ მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში.

ცნობისათვის, „ქარელის ხილი“ „სინერჯი კაპიტალის“ ბენეფიციარიაცაა, ეს უკანასკნელი კი „სინერჯი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.

 

 

Businesspartner