"ჩიკორი" ადგილობრივი ფერმერებისგან მზა ჩირს იბარებს
„ჩიკორის“ ბრენდით ჩირის და ჯანსაღი ხემსის მწარმოებელმა კომპანია „ქარელის ხილი“ ადგილობრივი ფერმერების წახალისება დაიწყო.
როგორც „ბიზნესპარტნორს“ "ქარელის ხილში“ "სინერჯი კაპიტალის” („ქარელის ხილი“ "სინერჯის" პორტფელური კომპანიაა) პარტნიორმა მარიამ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ფერმერებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს თავად გამოაშრონ ხილი და ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ სახით ჩაიბაროს, შემდეგ კი „ჩიკორის“ ბრენდით გაყიდოს.
მისი ინფორმაციით, ჩირის მწარმოებელი კომპანია ამ მიმართულებით ადგილობრივ მეურნეობებთან უკვე წარმატებით თანამშრომლობს ხურმის ჩირზე, უახლოეს მომავალში კი სხვა გამომშრალი ხილის ჩაბარებასაც (ქლიავი, ვაშლი, ლეღვი და სხვა) გეგმავს.
„ეს თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს გაზარდოს ასორტიმენტი, შეამციროს პროდუქტის თვითღირებულება და გააფართოოს წარმოების მასშტაბი კაპიტალური ინვესტიციის გაზრდის გარეშე.
ამ პროცესში განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს პროდუქციის ხარისხის შეფასებაზე, რომ FSSC 22000 სტანდარტთან შესაბამისობაში იყოს, რომელსაც კომპანია ორი წელია წარმატებით ფლობს. „ჩიკორი“ უზრუნველყოფს პარტნიორი ფერმერების ინფორმირებას ხილის მოყვანისა და ჩირის დამზადების სტანდარტებთან შესაბამისობაზეც.
ამ ეტაპზე „ჩიკორი“ 60-მდე ფერმერთან უკვე თანამშრომლობს და აცხადებს მზაობას მეტი ახალი პარტნიორი შეიძინოს,“ - აღნიშნავს მარიამ ჟორჟოლიანი.
მათივე განმარტებით, „ჩიკორის“ პროდუქცია უკვე გადის ექსპორტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და იაპონიაში.