"ჩემი რანჩო" 2023 წლისთვის ბაზარს ბოცვრების 6 ფერმით მოემსახურება
კომპანია „ჩემი რანჩო“ 2023 წლის დასაწყისისთვის ბოცვრების კიდევ ორი ფერმის დამატებას გეგმავს.
კომპანიის ხელმძღვანელი ვანო იოსელიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, "ჩემი რანჩოს" საინვესტიციო გეგმები არ დაუკორექტებია და გაფართოების შემდეგ კომპანია წელიწადში 200 ტონა ხორცის წარმოებას შეძლებს.
„ახლა ოთხი ფერმა გვაქვს, რაც შეეხება რეალიზაციას, პანდემიის მიუხედავად საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. მას შემდეგ, რაც წარმადობას გავზრდით, ვიფიქრებთ პროდუქცია თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რაიონებშიც შევიტანოთ,“ - აცხადებს იოსელიანი.
ამ დროისთვის კომპანია დამატებით 120 ტონა ხორცს აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ გარდაბანში დამატებით ბოცვერების ორი ფერმის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა. პროექტში 2.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ორივე ფერმა ჯამში 1 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული.
გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში არსებული კომპლექსი მოიცავს როგორც ფერმას, გადამამუშავებელ საწარმოს, ისე ლაბორატორიებს და სასაკლაოს.