ბიზნესი
17/03/2021

"ჩაუფინე" ახლა უკვე პიკნიკზე

კომპანია “ჩაუფინე” ბაზარზე პანდემიის პირობებში გამოჩნდა და მისი მიზანი შეზღუდვებიდან გამომდინარე, სახალისო, ბედნიერი და დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა იყო, რომელიც ერთ ყუთში იქნებოდა თავმოყრილი.

კომპანიას სამომავლოდ ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა აქვს. სულ მალე კი მომხმარებლებს „ჩაუფინე პიკნიკზე“ შესთავაზებს. საპიკნიკე ჩანთაში პიკნიკისთვის საჭირო ნივთები იქნება მოთავსებული: დასაფენი - მეტი კომფორტისთვის, წიპწის არაყი, ჭიქები, სხვადასხვა წასახემსებელი, თამაში „ჩაუფინე თუ“.

„ჩაუფინეს“ თანადამფუძნებელი თაკო ვარამაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე სიტყვა „ჩაუფინემ“ ჩაანაცვლა კომუნიკაციაში წინადადება - „მოდი დავლიოთ“, შემდეგ კი ნელ-ნელა გაჩნდა სურვილი შეექმნათ ისეთი რამ, რაც დაკავშირებული იქნებოდა გართობასთან, მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად გატარებასთან.

„ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ სტანდარტულ და წყვილის ბოქსებს. სტანდარტულ ბოქსში მომხმარებელს ხვდება: წიპწის (ყურძნის კურკა) არაყი, რომელიც ამ ყუთის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, მისაყოლებლად სხვადასხვა სახის აჯიკა, მარილიანი ჩხირები და თამაში „ჩაუფინე თუ“ - რომელიც შედგება 32 განსხვავებული ბარათისგან. თითოეულ ქარდზე აღწერილია სხვადასხვა სახალისო სიტუაცია, რომელიც საკუთარი გამოცდილებიდან შევაგროვეთ, მოვარგეთ დალევის სიტუაციას და ჩვენი ყუთი გავხადეთ კიდევ უფრო გასართობი და ინტერაქციული. რაც შეეხება წყვილის ბოქსს, სპეციალურად დავამზადეთ გლინტვეინი, მოვიფიქრეთ თამაში „იდეალური წყვილი“ და ვითანამშრომლეთ კომპანია „აიისაასთან“, რომელმაც სპეციალურად "ჩაუფინესთვის" დაამზადა პრეზერვატივები.

რაც შეეხება სიახლეებს, ვფიქრობთ პიკნიკზე, ცოტა ჩაფენა და გართობა ჩვენი მომხმარებლების ერთ ჩვეულებრივ დღეს კიდევ უფრო მხიარულს და დასამახსოვრებელს გახდის,“ – აღნიშნავს თაკო ვარამაშვილი.

ყუთში მოთავსებული ყველა პროდუქტი არის ადგილობრივი. კომპანია თანამშრომლობს მცირე მეწარმესთან, რომელიც სპეციალურად „ჩაუფინესთვის“ ამზადებს წიპწის არაყს. ასევე, რამდენიმე სტამბასთან, რომელიც ამზადებს POS მასალებს; „ლელას აჯიკასთან“ - რომელიც სტანდარტული ბოქსისთვის სხვადასხვა სახეობის ჯემებს და აჯიკებს ამზადებს და კომპანია „აიისასთან“.

„იქედან გამომდინარე რომ, „ჩაუფინე“ სულ რამოდენიმე თვეა ბაზარზეა და საკმაოდ ბევრი შეზღუდვის ფონზე გვიწევს მუშაობა, მომხმარებელთა რაოდენობამ მაინც გადააჭარბა მოლოდინს. შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ჩვენს მომხმარებლებს საკმაოდ ბევრ სიახლეს ვპირდებით და შესაბამისად, მათგან მოთხოვნის გაზრდასაც ველით.

ჩვენი მომხმარებელი არის ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება, დალევა და მხიარული მოგონებების შეგროვება. "ჩაუფინეს“ მთავარი სეგმენტი მაინც ახალგაზრდები არიან, ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ მათ და შესაბამისად, ჩვენი საფასო კატეგორიაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები არიან. ფასები ძირითადად მერყეობს 15-60 ლარამდე. ამ ეტაპზე, გაყიდვების სტიმულირებისთვის ვიყენებთ მხოლოდ სოციალურ ქსელს. ასევე ვითანამშრომლეთ რამდენიმე ინფლუენსერთანაც,“ – აღნიშნავს „ჩაუფინეს“ თანადამფუძნებელი ირინკა აბაშიძე.

პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი, ფეისბუქ/ინსტაგრამ გვერდების და "გლოვოს" აპლიკაციის საშუალებით. სხვადასხვა საკურიერო მომსახურების დახმარებით, „ჩაუფინეს“ მიწოდება რეგიონებშიც შესაძლებელია. სამომავლო გეგმებშია, პროდუქციის ობიექტებში შეტანაც.