ბიზნესი
11/11/2021

"ჩაროზის" ნუგბარი იაპონიის ბაზარზეც იყიდება

კომპანია „ჩაროზის“ ნუგბარი იაპონიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზე იყიდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ელენა ჯიშიაშვილმა განუცხადა, ქართული ნუგბარი აღნიშნულ ქვეყნებში მცირე პარტიებით იგზავნება, რადგან კომპანიას საკმარისი საწარმოო სიმძლავრეები არ გააჩნია.

მისი ინფორმაციით, ქართულ ნუგბარზე იმაზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ამ დროისთვის წარმოებაა შესაძლებელი, შესაბამისად, „ჩაროზი“ უახლოეს მომავალში გაფართოებას გეგმავს.

„მეტ დეტალს ვერ გეტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია ზოგად სიტუციაზე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ბიზნესგარემოზე,“ - აცხადებს ჯიშიაშვილი.

კომპანია ამ დროისთვის 7 დასახელების ნუგბარს აწარმოებს. მათ შორისაა გარგარი შავ შოკოლადში, რამდენიმე სახეობის ჩურჩელა, შავი ქლიავი ნიგვზით და ასე შემდეგ.

ჯიშიაშვილი აცხადებს, რომ გარდა ექსპორტისა „ჩაროზის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იყიდება. მათ შორის, ნიკორწმინდაში ბრენდულ მაღაზიაში, თბილისი მოლში, გორგასლის 1, ყველის სახლი ფალიაშვილზე). კომპანია გაყიდვებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობითაც ახორციელებს.

„ჩაროზი“ ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქციას ამზადებს როგორც იმერეთში (ტყიბულში), ისე რაჭაში (ნიკორწმინდა).