Carusell: მანქანების ყიდვა-გაყიდვის საკონსულტაციო სერვისზე მოთხოვნა 2022 წელს გახუთმაგდება
CARU-ს ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოტანის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. საუბარია, სტარტაპ Carusell.ge-ზე, რომლის საშუალებითაც მანქანის შერჩევა-შეძენის პროცესს მომხმარებელს ავტოექსპერტი უადვილებს.
Carusell-ის დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რამდენიმე თვის ამოქმედებული სტარტაპი იმაზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე გათვლა იყო.
„მომხმარებელს ძალიან მოსწონს რადგანაც უგვარებს ისეთ სერიოზულ პრობლემას უგვარებს, როგორიც არის მანქანის შერჩევა-გაყიდვა. ეს არის გათვლილი იმ ადამაიანებისთვის, ვინც იაზრებს, რომ ჯობს მანქანა შეარჩიოს მცოდნე ადამიანმა და ასევე მათთვის, ვინც დროის დეფიციტს განიცდის. ვეხმარებით მომხმარებლებს იყიდონ მათ საჭიროებებზე მორგებული მანქანა და გზადაზგა არსებული გაუგებრობები თავიდან აირიდონ,“-აცხადებს აბაშიძე.
რაც შეეხება ფასებს, Carusell.ge-ში მანქანის ყიდვის და გაყიდვის შემთხვევაში გამოძახების ღირებულება 50 ლარია, მანქანის ყიდვის შემთხვევაში საკომისიო დაკლებული თანხის 30%-ია, გაყიდვის შემთხვევაში - ღირებულების 3%.
აბაშიძის განცხადებით, Carusell.ge უახლოეს მომავალში მომსახურების სერვისიდან ტექნილოგიურ ბიზნესში გადაინაცვლებს. ეს იქნება ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მომავალ წელს ტექნოლოგიური დეტალები უკვე ცხადი იქნება და დანერგვის პროცესიც ეტაპობრივად დაიწყება.
მისივე ვარაუდით, კომპანაია მომავალი წლის ბოლოსთვის დაახლოებით 5-ჯერ გაიზრდება. შემდეგი 5 წლის განმავლობაში, კომპანიის შემოსავლები წლიურად მინიმუმ უნდა გაორმაგდეს.
აბაშიძის განცხადებით, საკმაოდ მოთხოვნადია CARU-ს სერვისებიც და მასზე მოთხოვნა გაორმაგებულია. ამ დროსითვის კომპანია ორ ლოკაციაზე (თბილისი, ბათუმი) ოპერირებს.
CARU არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ავტოასისტენტის გამოძახება, რომელსაც მიჰყავს მანქანა და შეკეთებულს აბრუნებს უკან.
კომპანია Caru საქართველოში 2018 წელს შეიქმნა. Carusell-ი კი მისი შვილობილი კომპანიაა.