ბუტრანა: ყველაზე მოთხოვნადი საფერავში დაძველებული ყველია
"ბუტრანას" დამფუძნებლის ჯემალ ხატიაშვილის განცხადებით, კომპანიის წარმოებული პროდუქციიდან ყველაზე მოთხოვნადი საფერავში დაძველებული ყველია.
მისი განცხადებით, ამ სახეობის ყველი პოპულარულია როგორც ადგილობრივ სეგმენტში, ისე უცხოელ ტურისტებში.
„მიზეზი გემოვნური თვისებები, ვიზუალი და შინაარსია, რადგან მასში გაერთიანებულია ჩვენი ორი ტრადიციული პროდუქტი. ჩვენი საწარმო იყო პირველი, სადაც ამ სახეობის ყველის წარმოება დაიწყო, ეს ჩვენი ნიშური პროდუქტია,“ - აცხადებს ხატიაშვილი.
კომპანია "ბუტრანა" სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმას 2022 წლის იანვარში გახსნის. ფერმის საინვესტიციო ღირებულება მილიონი ლარია.
ამჟამად კომპანია 20 დასახელების ყველს აწარმოებს, გაფართოების შემდეგ კი ასორტიმენტი 30-მდე გაიზრდება. მათ შორის, უკვე იწარმოება საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.
ახალი ფერმის მშენებლობა, რომელიც ჯამში 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სოფელ ტიბაანში, არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია ყველის გარდა, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.