"ბუტრანა" მეორე ფერმას 2022 წლის იანვარში გახსნის
კომპანია "ბუტრანა" სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმას 2022 წლის იანვარში გახსნის.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ბუტრანას" დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განაცხადა, ფერმის საინვესტიციო ღირებულება მილიონი ლარია.
ეს იქნება სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსი, სადაც, ერთი მხრივ, სანაშენე მიმართულება იფუნქციონირებს, მეორე მხრივ, კი გადამზადდება პერსონალი.
„ქარხნის მშენებლობა და მანქანა-დანადგარების მონტაჟი უკვე დასრულებულია. 1 კვირაში ესტონეთიდან ველოდებით 50 სულ მაღალპროდუქტიულ საქონელს, რომლისგანაც მივიღებთ ნატურალურ, მაღალი ხარისხის რძეს, რომელსაც ყველის წარმოებაში გამოვიყენებთ. პირველ ფერმას ვაუქმებთ, რადგან ძველი სტანდარტებითაა აშენებული,“ - აცხადებს ხატიაშვილი.
ქარხანა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო გადაიდო.
მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია 20 დასახელების ყველს აწარმოებს, გაფართოების შემდეგ კი ასორტიმენტი 30-მდე გაიზრდება. მათ შორის, უკვე იწარმოება საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.
ახალი ფერმა 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და სოფელ ტიბაანში, არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
კომპანია ყველის გარდა, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.