ბიზნესი
10/07/2021

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000 ლიცენზიანტს შეეხება

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000-ზე მეტ ლიცენზიანტს შეეხება, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროექტი პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის სრულყოფას. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ასევე მოხდება გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივება, საინფორმაციო ბაზების დახვეწა და სახელმწიფოს წიაღისეული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ღია კარის დღეები იმართება.

შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესის გაცნობის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში რეგისტრირებულ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

უწყების წარმომადგენლებმა გადასახადის გადამხდელებს ცვლილების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და ვიდეო სახელმძღვანელო წარუდგინეს.

ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 12 ივლისის ჩათვლით, პერმანენტულად გაიმართება. 

Businesspartner