ბრენდს "მესხური გემო რჩეული" ბაზარზე ნატურალური პროდუქტების ნიშის ათვისება სურს
ქართულ ბაზარზე 3 თვეა ახალციხეში წარმოებული, პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტები „მესხური გემო რჩეულის“ ბრენდით იყიდება.
კომპანიის დამფუძნებელი თამარ კურტანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბაზარზე ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, კომპანია „მესხური გემო რჩეული“ ადგილის დამკვიდრებას ამ ნიშით გეგმავს.
„არის უკვე ბაზარზე ის მომხმარებელი, რომელიც მხოლოდ ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქციას ირჩევს.
„მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტს ვთავაზებთ, შესაბამისი ფასით. წარმოების დაწყების წინ რა მოლოდინიც გვქონდა, გამართლდა. არ ველოდით, რომ გაყიდვები რეკორდულად გაიზრდებოდა. მთავარია, გყვავდეს ერთგული მომხმარებელი,“ - აცხადებს თამარ კურტანიძე.
ამ დროისთვის კომპანიაში 10 სახეობის პროდუქტი იწარმოება. მათ შორისაა, სარდელი, სოსისი, შებოლილი ლორი და ა.შ.
მისი ინფორმაციით, ნედლეულს კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს. ამ დროისთვის კომპანიის წარმოებული პროდუქტი თბილისში "ბაზარი ორბელიანზე“ და „წისქვილი ჯგუფის“ პროექტ თბილისურ ბაზარში იყიდება.
სამომავლოდ, კომპანია სხვადასხვა აგრარულ მარკეტთან თანამშრომლობას გეგმავს.
„პროდუქციაში არ არის ქიმიური დანამატები, ემულგატორები. საწყის ეტაპზე კომპანია მცირე რაოდენობას აწარმოებს, თვეში დაახლოებით 1000 კილოგრამი იყიდება, თუმცა, მზარდი ტენდენციით,“ - აცხადებს თამარ კურტანიძე.
„მესხურის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ 3 თვეში კომპანიამ ერთგული მომხმარებლების მოზიდვა შეძლო.
„ჩვენ არ ვმუშაობთ მაღალ მარჟაზე, მნიშვნელოვანია გავიდეთ რაოდენობაზე. ჩვენი პროდუქცია იაფი არ არის, თუმცა, ხელმისაწვდომია რომ მომხმარებელმა ჯანსაღი პროდუქტი შეიძინოს,“ - აცხადებს თამარ კურტანიძე.
„მესხური გემო რჩეულში“ 1 კილოგრამი სოსისის ფასი 27 ლარს შეადგენს, ტრადიციული, შებოლილი ძეხვის ფასი - 37 ლარია.
შეგახსენებთ, პრემიუმ ხაზის ბრენდი „მესხური გემო რჩეული“ ახალციხეში, კომპანია „ტაო ფუდში“ იწარმოება.