BPN Georgia ქართველ ბიზნესმენებს შვეიცარიელი ბიზნეს ექსპერტების კონსულტაციას სთავაზობს
ფონდი BPN Georgia ქართველ ბიზნესმენებს შვეიცარიელი ბიზნეს ექსპერტების კონსულტაცია/ქოუჩინგებს სთავაზობს. ფონდის მარკეტინგის მენეჯერი ანა აივაზიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, რომ BPN Georgia შვეიცარიაში დაფუძნებული ფონდის (BPN) ქართული წარმომადგენლობაა.
BPN (Business Professionals Network) 22 წლის წინ დაფუძნდა და გაფართოვდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების პერსპექტივა შეინიშნებოდა. ამ ნიშნით შეირჩა საქართველოც და 2016 წლიდან ფონდი ჩვენს ქვეყანაშიც ახორციელებს თავის ძირითად საქმიანობას.
ანა აივაზიშვილის განცხადებით, კომპანიის მთავარი მისია არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.
ამ მისიის შესასრულებლად BPN Georgia ახორციელებს გრძელვადიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული მეწარმეები ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტებისგან იღებენ ინდივიდუალურ კონსულტაცია/ქოუჩინგებს და ერთვებიან სხვადასხვა ბიზნესის საჭიროებასა და განვითარებაზე მორგებულ სემინარებში, რომლებიც ინტერაქტიულია და თეორიულ მასალასთან ერთად უამრავ მაგალითს მოიცავს სხვადასხვა ქართული და ევროპული კომპანიების პრაქტიკიდან.
ფონდი BPN Georgia პროგრამის მონაწილეებს ხელს უწყობს განავითარონ საკუთარი ბიზნესი, ამ მიზნით თანადაფინანსებულია შემდეგ სერვისები:
- ინდივიდუალური ბიზნეს კონსულტაცია/ქოუჩინგი;
- ბიზნეს პუბლიკაციების დამუშავება;
- საიმიჯო ვიდეო რგოლების გადაღება;
- პროფესიონალური ფოტოსესია;
- ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება;
- BPN Georgia-ს სოციალურ ქსელებში ინფორმაციის განთავსება, რეკლამირება;
- ბიზნეს სემინარები/ვებინარები.
როოგრც აივაზიშვილი აცხადებს, პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა მეწარმეთა კავშირი, სადაც BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, სთავაზობენ ფასდაკლებებს, ცვლიან ინფორმაციას და ერთად მსჯელობენ სხვადასხვა გამოწვევებზე.
„გვაქვს ინტენსიური კონტაქტი მეწარმეებთან, მუდმივად ვაკვირდებით მათ საჭიროებებს. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 3 წელი გრძელდება, ბენეფიციარებს, ვუზიარებთ ქართულ და შვეიცარიულ გამოცდილებას, სემინარებს და ასევე ინდივიდუალურ კონსულტაციებს უძღვებიან ქართველი და შვეიცარიელი ბიზნეს ექსპერტები/ქოუჩები, რაც პროცესს მრავალფეროვანს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის,“-აღნიშნავს აივაზიშვილი.
მისი ინფორმაციით, BPN Georgia-ს საქმიანობა ფინანსდება ფონდის მიერ, რომლის უკან დგანან შვეიცარიელი კერძო პირები თუ სხვადასხვა ბიზნესები, რომელთაც სურვილი აქვთ მხარი დაუჭირონ BPN-ს მიერ შერჩეულ ქვეყნებში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითრებას და ამ მიზნით გარდა ფინანსური მხარდაჭერისა ხშირად საკუთარ პრაქტიკულ ბიზნეს გამოცდილებასაც უზიარებენ პროგრამის მონაწილეებს.
კომპანიის ოფისი მდებარეობს თბილისში (ახვლედიანის N5/ყოფილი პეროვსკაია).