ბიზნესი
11/07/2022

Bolt: TESLA-ს ტაქსით გადაადგილება მოთხოვნადი აღმოჩნდა

Tesla-ს კატეგორია ტაქსის გამოძახების კომპანიის აპლიკაცია Bolt-ზე  2022 წლის 7 ივნისიდან გააქტიურდა. „ბიზნესპარტნიორი“ დაინტერსდა  რატომ გადაწყვიტა კომპანიამ შეთავაზებაში პრემიუმ კატეგორიის ავტომანქანების დამატება, რამდენად მოთხოვნადია ის ქართულ ბაზარზე იმ პირობებში, როდესაც Tesla-თი მგზავრობა   სტანდარტულ ტარიფთან შედარებით ძვირია.

კომპანია Bolt-ში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, რომ Bolt-ის მომსახურების ხარისხი და პრემიუმ კატეგორიის ავტომობილები არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები Bolt-ის სერვისს ირჩევენ.

„კომპანია აქტიურად ცდილობს ჩაერთოს პროექტებში, რომლებიც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიონ ეკომეგობრული ტრანსპორტი და ამით ხელი შეუწყონ ჰაერში გამონაბოლქვის შემცირებას.  პროექტების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.  აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მგზავრებისთვის შეგვეთავაზებინა პრემიალური, ეკომეგობრული გადაადგილების საშუალება და დავამატეთ Tesla-ს  ახალი კატეგორია,“-აცხადებენ კომპანიაში.

მათი განმარტებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია როგორც მგზავრების, ასევე პარტნიორი მძღოლების ინტერესები. შესაბამისად, Bolt-ი  ცდილობს ორი მხარის ინტერსები იქნას გათვალისწინებული.

„Tesla-ს ავტომობილის ღირებულება, სხვა კატეგორიის ავტომობილებს 5-6 ჯერ აღემატება. შესაბამისად ფასში ეს კომპონენტიც ასახულია. Tesla-ს  მფლობელ პარტნიორ მძღოლს, ავტომობილის მახასიათებლებიდან გამომდინარე, აქვს გამორჩეული ბენეფიტის მიღების მოლოდინი. მომხმარებელს კი, რომელიც ირჩევს ამ კატეგორიას, კარგად ესმის ტარიფის ლოგიკურობაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მომხმარებლებში Tesla-ს  კატეგორიამ დიდი მოწონება დაიმსახურა,“-აცხადებენ Bolt-ში.

რაც შეეხება პერსპექტივას, საქართველოში  Tesla-ს ავტომანქნებით მომსახურების სერვისი გახდება თუ არა უფრო მოთხოვნადი, Bolt-ში განმარტავენ, რომ ბაზარზე ელექტრო ავტომობილების მიმართ მოთხოვნა იზრდება, ასევე უფრო და უფრო აქტუალური ხდება ეკოლოგიური საკითხების მნიშვნელობა.

„აქედან გამომდინარე,  ველოდებით ამ კატეგორიის მასშტაბის ზრდასაც.გარდა ამისა, Tesla  კომფორტული და პრემიუმ კატეგორიის ავტომობილებს განეკუთვნება, შესაბამისად, მსგავსი ტიპის ტრანსპორტის მიმართ ინტერესი გრძელვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება,”-აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ზოგადად,  ტაქსის მომსახურების სერვისზე ფასების მატებას და მის შესაძლო გავლენას კომპანიის შემოსავლებზე, Bolt-ში აცხადებენ, რომ ფასის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის ღირებულების მატებაცაა.

„კომპანიისთვის ყველაზე  მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლების, ასევე პარტნიორი მძღოლების კმაყოფილება. აქედან გამომდინარე, Bolt-ი ყურადღებით აკვირდება საწვავის ფასების ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ ტენდენციებს, რათა შეაფასოს აღნიშნული  ფაქტორების ზემოქმედება გრძელვადიან პერსპექტივაში და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები,”-აცხადებენ კომპანიაში.