"ბლაუენშტაინ საქართველო" ხორცის მოძრავ მაღაზიას თბილისშიც გახსნის
ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხორცის მოძრავ მაღაზიას ამბროლაურის შემდეგ თბილისშიც გახსნის.
სპეციალიზებული მანქანა თანამედროვე ტექნოლოგიების დახლ მაცივრებით, შესანახი სათავსოებითა და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. როგორც „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორმა თათია არაბიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიას ნებართვის მისაღებად განაცადი თბილისის მერიაში უკვე შეტანილი აქვს.
„მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკებები დასასრულისკენ მიდის. შეთანხმება აქამდე ვერ მოხერდა, თუმცა ვიმედოვნებთ, დადებითად გადაწყდება,” - აცხადებს არაბიძე. მისი ინფორმაციით, მოძრავი მაღაზია საბურთალოს ტერიტორიაზე ივლის.
კონკრეტული თარიღი როდის გაიხსნება თბილისში ხორცის მოძრავი მაღაზია უცნობია. არაბიძე აცხადებს, რომ ეს ადგილობრივ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
კომპანიამ პირველი მოძრავი მაღაზია 2020 წლის აგვისტოში ამბროლაურში გახსნა. კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტმა გაამართლა და რაჭაში საკმაოდ წარმატებით იმუშავა.
მისი ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილებით, მოძრავი მაღაზია რაჭაში ზაფხულის სეზონზე მუშაობს, თბილისში - ყველა სეზონზე.
კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო 2009 წელს ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.