"ბიზნესს მხარდაჭერა სჭირდება, მზად ვარ პირადად ჩავერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში"
პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა არის პანდემია და ეკონომიკა.
„ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა, მზად ვარ პირადად ჩავერთო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას და მხარდაჭერას, იმასთვის რომ მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური მიდგომა, მეტი კრეატიულობა და სისხარტე გადაწყვეტილებებში. უნდა დავძლიოთ ჯანდაცვის სფეროში და ეკონომიკაში არსებული მძიმე მდგომარეობა. ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ეს გეგმები რომელსაც უახლოეს 10 დღეში წარვადგენთ, საბიუჯეტო ხარჯების გადახედვას და ოპტიმიზაციას მოითხოვს.
საქართველო უნდა ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ადამიანები არიან თანასწორი, შრომობენ კეთილდღეობისთვის, სადაც დაცულია ადამიანების ულებები განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა და ა.შ. ჩვენ გვჭირდება საქართველო, რომელიც სასურველი პარტნიორია ცივილიზებული სამყაროსთვის,“– აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ კი, მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარობაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.