ბიზნესმა სამშენებლო მასალების ხარჯის ინდექსაციით, შესაძლოა, 1 თვეში ისარგებლოს
ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიებისთვის მთავრობის მხრიდან სამშენებლო მასალების ხარჯის დაფინანსების საკითხზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა საბახტარიშვილმა განუცხადა, სექტორი უახლოეს მომავალში, დაახლოებით 1 თვეში ელოდება პირველ დასკვნებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის, სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა თუნდაც მინიმალურად დაკომპენსირდეს, ანუ, ამოქმედდეს ინდექსაციის მექანიზმი.
„წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ეს დადგენილება (619-ე დადგენილება) არსებობს, დაიწყო გარკვეულწილად კომპანიების მხრიდან ინფორმაციის შეგროვება. იმედი მაქვს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და სხვადასხვა აუდიტორული კომპანიების ჩართულობითაც მოხდება შესაბამისი დასკვნების გაცემა. როდესაც სიცხადე გარკვეულწილად შემოტანილია, ველით, რომ პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს და ამან უზრუნველყოს არსებული დადგენილი მექანიზმის ფუნქციონირების დაწყება.
მართალია, ეს ვერ უზრუნვეყოფს ყველა გადახარჯვის კომპენსაციას, ბუნებრივია კომპანიებს მაინც მოუწევს ხელფასებზე გაზრდილი დანახარჯების თუ მანქანა-მექანიზმებთან დაკავშირებული დანახარჯების საკუთარი დანაზოგიდან ან პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული დანაზოგიდან გადახდა, თუმცა, ის ნაწილი, რაც მასალებს მოიცავს, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და ეს დაძლევს იმ პრობლემას, რაც დღეს არის,“ - აცხადებს საბახტარიშვილი.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდამ და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, იმ სექტორში, რომლის 90% იმპორტირებულ მასალაზეა დამოკიდებული, ფასების კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია.
„ძირითადად, რაც ამ მიმართულებით სირთულეს ქმნიდა და ჯერ კიდევ ქმნის, არის საკმაოდ დიდი პროცენტულობით გაზრდილი ფასები როგორც ძირითად, ასევე დამხმარე სამშენებლო მასალებზე. ბუნებრივია, ეს სხვადასხვა კომპანიაზე სხვადასხვა ეფექტს ახდენს.
ინფრასტრუქტურულ პროექტებში კიდევ უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე დეველოპმენტში, რომელსაც გარკვეულწილად მაინც შეუძლია ფასის გაზრდის ხარჯზე გაძვირებული მასალების ეფექტი მაქსიმალურად შეამციროს. იქ აბსოლუტურად სხვა მარჟაზეა საუბარი. ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში როდესაც მოგებულია ტენდერი, კომპანიას ვალდებულება აქვს და ამ შემთხვევაში ფასის ზრდის შესაძლებლობა არ არის. ამ მიზნით გამოიცა მთავრობის 619-ე დადგენილება, თუმცა, საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდა იმას, რომ ჩვენც მიმხვდარიყავით და გაგვეგო როგორ შეგვიძლია ამ მექანიზმით სარგებლობა,“ - აცხადებს საბახტარიშვილი.
შეგახსენებთ, მთავრობის 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით სახელმწიფოს კომპანიებისთვის სამშენებლო მასალების ხარჯი ხელშეკრულების ღირებულების 20%-მდე ოდენობით უნდა დაეფინანსებინა. შეღავათით სარგებლობის ერთ-ერთი მთავარი პირობა, შესაბამისი პერიოდის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენაა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან დიდი ათეულის აუდიტორული კომპანიების დასკვნით უნდა დასტურდებოდეს.