
ბიზნესის განწყობა გაუარესდა, თუმცა ოპტიმიზმს არ კარგავს
ბიზნესის განწყობის მოლოდინები მეორე კვარტლისთვის გაუარესებულია. ISET-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.2 პუნქტით შემცირდა და 15.1-ს გაუტოლდა.
ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობისა (-29.7) და საბითუმო და საცალო ვაჭრობის (-7.6) სექტორებშია, რაც გაუარესებული მიმდინარე მდგომარეობით არის განპირობებული.
ISET-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 22.6 პუნქტით შემცირდა და 2022 წლის II კვარტლისთვის -9.5-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობისა (-87.1) და საბითუმო და საცალო ვაჭრობის (-45.4) სექტორებში დაფიქსირდა.
ამავდროულად გაუმჯობესებულია ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, ანუ ოპტიმისტურად განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 30.6 პუნქტამდე გაიზარდა. 2022 წლის II
კვარტლისთვის მოლოდინების ზრდაა ყველა სექტორში, გარდა მშენებლობის და საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორებისა.