"ბიზნესი აქცენტს ნაკლებად კვალიფიციური კადრის გადამზადებაზე აკეთებს" – "ზალა რესტორანი"
სარესტორნო ბიზნესი პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ არსებულ ახალ ტენდენციებზე საუბრობს. როგორ შეიცვალა სარესტორნო ბიზნესში სიტუაცია პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ და რა გამოწვევების წინაშე დგას HoReCa სექტორი, გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ „ზალა რესტორნის“ დამფუძნებელმა ზურაბ ბაქრაძემ ისაუბრა.
„სარესტორნო სფეროში ყველაზე კარგი მაჩვენებლები 2019 წელს იყო. შემდეგ დაიწყო ეს 2 წლიანი პერიოდი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ველოდით 2022 წელს იმ პროცენტულ ზრდას, რაც განიცადა ამ სექტორმა. ველოდით, რომ რა მაჩვენებელზეც 2022 წლის ბოლოს გავედით, ამას 2024 წლისთვის მივაღწევდით. ასეთი სწრაფი ზრდისთვის სარესტორნო ბიზნესი მზად არ აღმოჩნდა,“-აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.
მისი განმარტებით, პანდემიის პერიოდში რესტორნების ნაწილმა ვერ გაუძლო არსებულ სიტუაციას, რის გამოც ბაზრიდან გავიდა. დანარჩენებეზე კი დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ამ ყველაფერს კადრების გადინებაც დაემატა, რისთვისაც სექტორი მოუმზადებელი აღმოჩნდა.
„კვალიფიციური კადრის პრობლემა ისევ რჩება. ეს გამოიწვია იმან, რომ პანდემიურ პერიოდში დაკეტილები ვიყავით, ყველაზე მეტად ჩვენს სექტორში დასაქმებული ადამიანები დაზარალდნენ. აქედან გამომდინარე ბევრმა შეიცვალა სფერო, მათი ნაწილი კი ქვეყნიდანაც გავიდა,“-განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.
„ზალა რესტორნის“ დამფუძნებელი კადრების გადინების მიზეზებსაც ხსნის და აცხადებს, რომ ბაზარზე არსებულმა პრობლემებმა, როგორიცაა შრომის ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი, დასაქმებულებს სფეროს დატოვება აიძულეს.
„ადამიანებმა ისწავლეს თავისი უფლებები, აქედან გამომდინარე, სარესტორნე ბიზნესი და სტუმარ-მასპინძლობის სფერო, ზოგი იძულებით, ზოგი თავისი კეთილი ნებით და ზოგიც კანონიდან გამომდინარე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა. ჯერ ისედაც სტრესულია ეს სამსახური, ისედაც რთულ რეჟიმში უწევთ ადამიანებს მუშაობა და უნდა ყოფილიყო შესაბამისი ანაზღაურებაც.
ბიზნესმა მიიღო გადაწყვეტილება ნაკლებად კვალიფიციური კადრი თავად გადაემზადებინა,“ -აცხადებს ზურაბ ბაქრაძე
მისი განმარტებით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა კვალიფიციური რესტორატორების არ არსებობაა. ამას ემატება მიმტანების დეფიციტი, ვინაიდან ადამიანები ამ პროფესიას დროებით სამუშაოდ განიხილავენ.
„მზარეულის პროფესია დღეს ყველაზე მიმზიდველია, პრესტიჟულია. ამის მიზეზია სხვადასხვა პიარ კამპანიები და გადაცემები, რომლებიც ამ პროფესიაზე კეთდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად მზარეულის პრობლემაა ქვეყანაში,“-აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.