ბიზნესი ახალი რეგულაციის მოლოდინშია - ვის მოუწევს HACCP-ის სტანდარტის დანერგვა
ბიზნესი ახალი რეგულაციის მოლოდინშია - სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა, ანუ HACCP 2023 წლის 1-ელი ივნისამდე დანერგოს.
რამდენად მზად არის კერძო სექტორი ახალი ვალდებულებისთვის და გაუზრდის თუ არა მათ ხარჯებს HACCP-ის სტანდარტის დანერგვის პროცესი - თემაზე „ბიზნესპარტნიორი“ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს ესაუბრა.
კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის შესახებ მათ ინფორმაცია ჰქონდათ, შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს HACCP-ის სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, ზოგი კი ამ პროცესის დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
კერძო სექტორი თანხმდება იმაზე, რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის არსებობა, მათი შემდგომი ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ყველაფერს დამატებითი ინვესტიცია სჭირდება. ბიზნესსექტორში ამბობენ, რომ HACCP-ის სტანდარტის დასანერგად მათ საწარმოების გადაიარაღება, კადრების გადამზადება მოუწევთ, რაც გაზრდილი ხარჯია და ზოგიერთ კომპანიას ამის ფინანსური რესურსი არ გააჩნია.
რძის პროდუქტების სექტორი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, სადაც HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო გახდა. სწორედ ამიტომ, ისინი საკუთარ გამოცდილებას სხვა სექტორებსაც უზიარებენ და რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევენ.
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "საქრძის" აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი აცხადებს, რომ HACCP-ის სტანდარტების დანერგვა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
"ეს შეეხება საწარმოების მოდერნიზაციას, სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით მათ მოწყობას, გარდა ამისა, აქ არის ცოდნის ამაღლებაზეც საუბარი. ყველაფერი ეს მოითხოვს გარკვეულ ცოდნას, ტრენინგებს მუშახელის, მენეჯმენტის და ა.შ, რაც ასევე გარკვეულ დროს მოითხოვს. ამიტომ, ეს ერთი შეხედვით გრძელვადიანი და არც თუ ისე ადვილი პროცესია, თუმცა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება სურსათის უვნებლობის სფეროს გაკონტროლებისკენ, ჩვენ ამას მივესალმებით. სხვა გამოსავალი არ არის, ჩვენ თუ გვინდა, რომ ისეთი ქვეყნების ბაზარზე შევიდეთ, როგორიცაა ევროკავშირი და ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ მავნე პროდუქციისგან“, - აღნიშნავს კონიაშვილი.
ქვეყანაში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის პროცესი ეტაპობრივად, 2015 წლიდან დაიწყო. რძის პროდუქტების სექტორის გარდა, თავდაპირველად ის გავრცელდა იმ ბიზნესოპერატორებზეც, რომლებიც ცხოველის დაკვლას ახორციელებდნენ. მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ეს სტანდარტი აუცილებელი გახდა ყველა ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც ცხოველური წარმოშობის სხვა დანარჩენს სურსათსაც აწარმოებს, ხოლო ზაფხულიდან გავრცელდება საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ აბსოლუტურად ყველა ბიზნესოპერატორზე.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, HACCP-ის სისტემა არის თვითკონტროლის სისტემა, რომელიც კომპანიებს მუშაობას გაუადვილებს. გარდა ამისა, აღნიშნული სტანდარტის დანერგვით, ქართულ ბიზნესს საექსპორტო პოტენციალიც გაეზრდება და საქართველოდან უფრო მეტ პროდუქციას ექნება შესაძლებობა ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა კი განმარტავს, რომ ზოგადად, ევროკავშირის სტანდარტები გულისხმობს როგორც ხარისხის გაზრდას, ექსპორტის წახალისებას, ასევე შიდა მოხმარებისთვისაც პროდუქტის წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა, როგორც ვეკუა აცხადებს, მნიშვნელოვანია ის, რომ მასზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდეს. ამიტომ, სწორი გზა არის ბიზნესთან კომუნიკაცია“, - აცხადებს ვეკუა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გეგმური სახელმწიფო კონტროლი ყველა ტიპის ბიზნესოპერატორის მიმართ ხორციელდება, განსაკუთრებით კი ეს მათ ეხება, ვინც მაღალი რისკის პროდუქტს აწარმოებს. ქვეყანაში HACCP-ის სტანდარტის სრულად დანრეგვის შემდეგ, ეს კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება და რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპრატორის მიმართ გარკვეული სანქციები გატარდება. მანამდე კი სურსათის ეროვნული სააგენტო HACCP-ის სტანდარტის შესახებ საინფორმაციო კამპანიას საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ბიზნესსექტორთან გამართავს.
ცნობისთვის, ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი, თაფლის რეალიზაცია, ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია, ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია, აგრარული ბაზარი, დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია, ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება, კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება, მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია, პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება, ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი, საკონსერვო წარმოება, სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია, საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია, უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება; შაქრის, მარილის წარმოება; გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.