ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ფისკალური რისკების შემცირება - პრივატიზაციის ახალი ტალღის მოლოდინში
მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარებას აანონსებს. უკვე დაწყებულია მუშაობა კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების ეკონომიკაში ჩართვა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ფისკალური რისკების შემცირება.
რეფორმის განხორციელებაში ჩართულია აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. ასევე ცნობილია, რომ შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც შეიმუშავებს რეფორმის სტრატეგიას.
მთავრობა იმედოვნებს, რომ მიუხედავად პანდემიური კრიზისისა, ახალი შეთავაზებები ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება.
უახლოეს პერიოდში 100 საპრივატიზებო ქონების პროგრამა და სიაში 150 აქტივი შევა. მარტში კი გასაყიდად გამოვა წიაღის 50 საბადო.
ეკონომისტები პრივატიზაციის იდეას იწონებენ. PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ის აქტივები, რომელთა უმრავლესობა ქვეყნისთვის ზარალიანია, ბიზნესის ხელში ეფექტიანი გახდება.
"ზარალიანი საწარმოების სახელმწიფოს ბალანსზე არსებობა ქვეყნისთვის წამგებიანია და აუცილებელია მათი აქტივები იმ ბიზნესის ხელში გადავიდეს, რომელიც მათ წარმატებით მართავს. თუმცა, რამდენად წარმატებით მოხდება ყველა ობიექტის პრივატიზაცია, ეს მეორე საკითხია. ინვესტორები, შესყიდვამდე, დეტალურად იკვლევენ, თუ რა რატომ არის ესა თუ ის საწარმო ზარალიანი. მით უფრო ასეთ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, ისინი სიფრთხილით ეკიდებიან კაპიტალის დაბანდებას. აქედან გამომდინარე არსებობს რისკები, რომ ყველა ობიექტის პრივატიზაცია წარმატებით ვერ მოხერხდეს. ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ინვესტორები, შედარებით მცირე საწარმოებით დაინტერესდებიან. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს, საკმაოდ წარმატებით განხორციელდა პროგრამა "100 საინვესტიო შეთავაზება ბიზნესს“. წელს კი, ამ სიაში 150 აქტივი შევა. თან, თუ გავითვალსიწინებთ იმ გარემოებას, რომ პანდემიური ვითარება თანდათან სტაბილურდება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოსა და დაწესებული შეზღუდვებიც ეტაპობრივად იხსნება, დიდი შანსია, რომ წელს გაცილებით წარმატებით განხორციელდება პრივატიზაციის პროგრამა,“ - განაცხადა მიხეილ კუკავამ.
პარლამენტში ამბობენ, რომ პრივატიზაციის დაჩქარებისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რაოდენობას, არამედ მიღებულ შემოსავლებსაც. ბექა ლილუაშვილი "ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ პრივატიზაციის დაჩქარების პარალელურად, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოების გაყიდვით მიღებული შემოსავლები, საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად არ უნდა ჩამორჩებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პრივატიზაცია, სახელმწიფოსთვის, მომგებიანი ვერ იქნება,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, გასულ წელს, "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პროგრამის ფარგლებში 115-ზე მეტი ობიექტი გაიყიდა. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან ჯამში 130 მლნ ლარზე მეტი მობილიზდა.