"ბილიკი" სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარზე შესვლას გეგმავს
კომპანია "ბილიკი" ტურისტული მარშრუტების ციფრული ვერსიის გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა. პროდუქტი ეხმარება, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განათავსონ და გაყიდონ საკუთარი ტურები და მიიღონ დამატებითი შემოსავალი თითოეული გაყიდული ტურიდან.
"ბილიკის" თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აპლიკაცია ეხმარება მოგზაურებს სწრაფად მიიღონ მათთვის სასურველი ტურისტული ინფორმაცია, ამავდროულად ხელს უწყობს ტურისტულ ბიზნესს მარტივად დაუკავშირდნენ პოტენციურ მომხმარებლებს.
როგორც ცირამუა აღნიშნავს, ამ დროისთვის „ბილიკს“ ძირითადი შემოსავალი სარეკლამო მიმართულებიდან აქვს, უახლოეს მომავალში კი კომპანია თანხებს ტურების გაყიდვებიდან შემოსული საკომისიოდან მიიღებს.
“თითოეული გაყიდული ტურიდან ჩვენ საკომისიოს მივიღებთ. ეს იქნება ჩვენი ძირითადი ბიზნეს მოდელი. ახალი ფუნქციონალი სულ მალე ჩაეშვება. კომპანია გეგმავს გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. ერთ-ერთი პირველი სამიზნე აუდიტორია იქნება პოლონეთი. გარდა ამისა, ვგეგმავთ გააქტიურებას სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში,“ - აცხადებს თორნიკე ცირამუა.
კითხვაზე, რამდენად მოთხოვნადია „ბილიკი“ საქართველოს ბაზარზე და რა გავლენა ჰქონდა პანდემიას სტარტაპ კომპანიის განვითარებაზე, ცირამუა აღნიშნავს, რომ ზაფხულში „ბილიკის“ ყოველთვიური გამოყენება 6-ჯერ გაიზარდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დღეს კომპანიას 10 000-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
„პანდემიამ მინიმუმ გარკვეული დროით გადადო ის გეგმები რაც გვქონდა. მათ შორის მოლაპარაკებები ინვესტორებთან. გარდა ამისა, რომ არა პანდემია, „ბილიკი“ საერთაშორისო ბაზარზე უკვე გასული იქნებოდა,“ - აცხადებს თორნიკე ცირამუა.
მისი განცხადებით, „ბილიკში“ ტურისტული ბიზნესი რეგისტრირდება, თავის კომპანიას არეგისტრირებს და რუკაზე ჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ ბიზნესს შეუძლია სრულიად უფასოდ გამოჩნდეს საქართველოში არსებულ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მარშუტებზე. ამ დროისთვის „ბილიკს“ 700-მდე რეგისტრირებული ასეთი კომპანია ჰყავს. მათ შორის, სასტუმროები, რესტორნები, ღვინის მარნები და ასე შემდეგ.
„ბილიკის“ თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ უახლოეს მომავალში კომპანია განვითარებაში დამატებითი ინვესტიციის აღებას გეგმავს. ფინანსების მობილიზებისთვის კი კომპანია აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მათ შორის ვენჩურულ ფონდებთან და ენჯელ ინვესტორებთან. კომპანია "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა. ბილიკის დამფუძნებელებს 500 000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვება სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს შარქების დაინტერესება.
შეგახსენებთ, აპლიკაცია „ბილიკი“ საქართველოს ბაზარზე 2020 წლის თებერვლიდან ოპერირებს.