ბიზნესი
09/06/2023

ბესო ორთოიძე: ჩემი პროგნოზით, წლიურად უძრავი ქონების ფასები 10%-ით გაიზრდება

უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა და ისეთი რყევები, როგორიც გასულ წელს გვქონდა აღარ გვაქვს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წელს სტაბილური სიტუაციაა თვითღირებულების ნაწილშიც, რამაც გასაყიდი უძრავი ქომების ფასების ზრდის შენელება განაპირობა.

„სამშენებლო მასალებზე ფასები აღარ იზრდება ისეთი მასშტაბით, როგორც გვქონდა გასულ წელს, ასევე გასაყიდი უძრავი ქონების ფასიც იზრდება, მაგრამ სტაბილურად და მცირედით“, - განმარტა ორთოიძემ.

„არსის“ გენერალურმა დირექტორმა პროგნოზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლიურად უძრავი ქონების გაძვირებას 10%-ით ელოდება.

„წლევანდელ წელს, პირველ კვარტალში, დაახლოებით, 5%-ზე მეტით არ გაზრდილა ფასები უძრავ ქონებაზე. ჩემი პროგნოზით, დღეს არსებულ  ტენდენციას შევინარჩუნებთ და წლიურად ფასები მხოლოდ 10 პროცენტით მოიმატებს“, - განაცხადა ორთოიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ბინებზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება.

„გალთ&თაგარტის“ მონაცემებით, მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი, დოლარში, წლიურად თითქმის 27%-ით გაიზარდა, ლარში კი 8.2%-ით, თუმცა თვიურად ფასი არ შეცვლილა. პირველად ბაზარზე, დეველოპერების საშუალო გასაყიდი ღირებულება თბილისში 1,112  დოლარი იყო და ტრადიციულად, ყველაზე ძვირი ბინები ვაკეში და მთაწმინდაზე  ღირდა.

სექტორის წარმომადგენლების თქმით,  წლიურ ჭრილში  უძრავი ქონების ფასების ზრდა მეტწილად გაზრდილმა მშენებლობის ხარჯებმა, ლარის კურსის მერყეობამ, ასევე დარგში გაზრდილმა ხელფასებმა განაპირობა.

გარდა ამისა, ფასების ზრდის განმაპირობებელი იყო გაზრდილი მოთხოვნაც. ბოლო წლებში, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ფინანსურად და საინვესტიციოდ უფრო საინტერესო გახდა, შედეგად, აიწია გასაყიდმა ფასმაც.

ცნობისთვის, წინა თვეში შემცირების შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში ბინების გაყიდვები ისევ გაიზარდა.

„გალთ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, თბილისში გაიყიდა 3,650 ბინა, რაც წლიურად 2%-იანი, თვიურად კი  35%-იანი ზრდაა. მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი , კრწანისი , და დიდუბე.

2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 243 მლნ დოლარი შეადგინა.