ბიზნესი
10/09/2020

Beko-მ გაყიდვების სტიმულირებისთვის სტრატეგია შეცვალა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდმა Beko პანდემიის პირობებში აქცენტი შედარებით დაბალ საფასო სეგმენტზე გააკეთა, რამაც კომპანიას შედეგიც მოუტანა.

Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კომპანიამ 2020 წლის გეგმები 90%–ით შეასრულა.

„სითი მოლში Beko–ს ახალი ფილიალი გავხსენით. ბათუმში მაღაზია, სერვის ცენტრი და საწყობი. რუსთავში კი 650 კვადრატული ფართის ახალი მაღაზია შევთავაზეთ მომხმარებლებს. I კვარტალში გაყიდვების შემცირება არ ყოფილა. II კვარტალში, კარანტინის პერიოდში, თითქმის შეჩერდა ვაჭრობა. მესამე კვარტალში კი მხოლოდ 5%-იანი შემცირება გვქონდა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ კარგი გაყიდვები იყო. ყველა ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაზეც,“ – აღნიშნნა მეჰმედ მელექიმ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კორონავირუსისგან გამოწვეული გაყიდვების კლების შესამცირებლად მომხმარებელს აქციებს და ფასდაკლებებს უფრო აქტიურად სთავაზობდნენ.

„რადგან მსყიდველუნარიანობა შემცირდა, ფასები უფრო მისაღები გავხადეთ და დაბალი საფასო სეგმენტისთვის დამატებით რამდენიმე ბრენდი შემოვიყვანეთ. ახლა მხოლოდ 15–20% ყიდულობს ძვირადღირებულ პროდუქციას, 80% საშუალო და დაბალ ფასიანს. მანამდე მაღალი საფასო სეგმენტის გაყიდვები საშუალოდ 50% იყო,“ – ამბობს Beko–ს გენერალური დირექტორი.