ბიზნესი
06/01/2021

ბექა გონაშვილი: საექსპორტო მიმართულებაზე ცუდი სიტუაციაა, ათასობით ცხვარი ჯერ კიდევ გასაყიდია

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის და „აგროქიზიყის“ წარმომადგენლის ბექა გონაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ცხვრის ექსპოტის მხრივ ცუდი სიტუაციაა და ათასობით ცხვარი ჯერ კიდევ გასაყიდია.

„საქართველოში მინიმუმ 30-40 ათასი სული ცხვარია დარჩენილი, როდესაც შარშან უკვე ნოემბერში 240 000-მდე იყო გაყიდული. ეს შექმნის პრობლემას და ზამთარში გაზრდილი რაოდენობის ცხვრების გამოსაკვებად საძოვრები საკმარისი არ იქნება. ძირითადად მოთხოვნა არის მამალ ცხვარზე (ვერძი) და დედალს (ნერბი) ვეღარ ყიდიან, რაც ნიშნავს, რომ 2 წლის თავზე გაორმაგებული რაოდენობის სულადობას მივიღებთ,“– აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია. სულ საუდის არაბეთის ბაზარზე ექსპორტზე 2020 წლის 9 თვეში 4,5 მლნ დოლარის ცოცხალი ცხვარი გავიდა, 36%-ით მეტია ვიდრე 2019 წლის 9 თვეში.

„გადაზიდვის პრობლემაც იყო, მაგრამ ახლა უკვე ყატარის ავიახაზები ამუშავდა და ნელ–ნელა ეს პროცესი გამარტივდა. მე პირადად შეკვეთა მაქვს და 10 000 ცხვარი უნდა მივაწოდო საუდის არაბეთს, იმედი მაქვს გაგრძელდება ეს პროცესი და არ დარჩება გასაყიდი,“ – ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

 

Businesspartner