ბებოს ჩირი: საქართველოში ჩირის წარმოებას დიდი პოტენციალი აქვს
“ბებოს ჩირის“ დამფუძნებელი ქეთევან ჯინიაშვილი საქართველოში ჩირის წარმოების დიდ პოტენციალს ხედავს.
მისი თქმით, ამ სფეროსთვის 2020-2021 წელი გამორჩეული იყო და მიუხედავად COVID პანდემიის გავლენის და ტურისტების სიმცირისა, საქართველოს მოსახლეობაში პროდუქციაზე მოთხოვნამ მოიმატა.
„ჩირის წარმოების მიმართულებით მომხმარებლისთვის ბევრი სიახლის შეთავაზებაა შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ იმპორტირებული ჩირის ჩანაცვლების პროცესში, რადგან ძალიან სასარგებლო და საჭირო პროდუქტია, მისი მოხმარება კი მრავალმხრივაა შესაძლებელი და მნიშვნელოვანია ჩირმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს, როგორც გემრიელი ხემსი,“ - აღნიშნავს ქეთევან ჯინიაშვილი.
კომპანიის სამომავლო გეგმებშია, ჩაის ხაზის გაფართოება, რისთვისაც მაღალმთიანი ბუნების სასარგებლო მცენარეებს გამოიყენებენ.
„აღსანიშნავია, რომ „ბებოს ჩირმა“ შეძლო და წარმატებით გაართვა თავი პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, შესაბამისად, მივყვებით მიზანს და ვაგრძელებთ მომხმარებლისათვის მეტი სიახლეების შეთავაზებას. ვფიქრობ, ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღება, რათა უფრო სწრაფად მივიდეთ დასახულ მიზნამდე.
ჯერ-ჯერობით ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია მხოლოდ თბილისსა და ბაკურიანში. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკონდიტროსთან, მათ შორის „აუგუსტი“. ვასრულებთ ინდივიდუალურ და კორპორატიულ შეკვეთებს. ამ ეტაპზე ორიენტირებულები ვართ ქართული ბაზრის ათვისებაზე, თუმცა სამომავლო გეგმებში შედის პროდუქციის ექსპორტზე გატანაც. ამ კუთხით არაერთი გამოხმაურება გვქონია. ჩვენთვის მთავარია, ჩირი იყოს გამორჩეული გემოვნური თვისებების და თავი შეაყვაროს მასაც, ვინც ჩირის აქტიური მომხმარებელი არ არის.“– ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
“ბებოს ჩირი“ პანდემიის დროს შექმნილი კომპანიაა, რომელიც დუშეთის მაღალმთიან სოფელში ჩირის 20–ზე მეტ სახეობას, ჩაის და ბოსტნეულის ცუკატებს აწარმოებს. ერთი წლის განმავლობაში „ბებოს ჩირმა“ 12 ტონა ნედლეულის გადამუშავება შეძლო. პირველ ეტაპზე პროექტში განხორციელებული კერძო ინვესტიცია 30 000 ლარს შეადგენს.
მეწარმეთა პოპულარიზაცია ხორციელდება "ბიზნესპარტნიორის" მიერ მეწარმეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.