ბიზნესი
09/02/2021

"ბაზელის" შვეიცარიელი ინვესტორი: თუ სამართალს ვერ ვიპოვით, ქვეყნიდან გასვლა მოგვიწევს

კომპანია „ბაზელმა“ შესაძლოა, საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის მიზეზად კომპანიის მფლობელი, შვეიცარიელი ინვესტორი უზენაეს სასამართლოში წლების განმავლობაში გაჭიანურებულ დავას ასახელებს.

კომპანია ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს. შვეიცარიელი ინვესტორი აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი ოპერირების მიუხედავად, საკანონმდებლო ხარვეზები მას ახალი პროექტების განხორციელებაში ხელს უშლის. მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურების გარეშე კი „ბაზელი“ ქვეყნიდან გასვლას არ გამორიცხავს.

„ბაზელის“ იურისტის განმარტებით, კომპანიის ქონება 2015 წელს კერძო პირის მიერ, თანხის გამოძალვის მიზნით დაყადაღდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ დავა შვეიცარიელი ინვესტორის სასარგებლოდ გადაწყდა, კომპანია მისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

„2017 წელს დასრულდა დავა "ბაზელის" სასარგებლოდ და დადგინდა, რომ ყადაღა იყო გაუმართლებელი. კომპანიამ 2017 წლიდან დაიწყო სასამართლო დავა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ეს დავა დღეს უზენაეს სასამართლოშია. პირველმა ორმა ინსტანციამ განაცხადა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც შპს „ბაზელს“ და მის შვეიცარიელ ინვესტორს ზიანის ანაზღაურების საშუალებას მისცემდა. გვაქვს შემდეგი სიტუაცია: არის ზიანი, ვიცით დაზარალებული, ვიცით დამზარალებელი და სასამართლო ვერ პოულობს ნორმას, რომლითაც ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და ერთი კომპანიის პრობლემა, ეს არის მნიშვნელოვანი საინვესტიციო ხარვეზი,“-აცხადებს ირაკლი კორძახია.

თავად შვეიცარიელი ინვესტორის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია სამართალს ვერ იპოვის, გამორიცხული არაა, რომ „ბაზელი“ ქვეყნიდან გავიდეს.

„ბაზელი უკვე 15 წელია აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ასობით მილიონი ლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და დასაქმებული გვყავს ასამდე ადამიანი. თუმცა იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლო, კოდექსში ვერ იპოვის შესამამის ნორმას, რომლითაც კომპანიის მიერ მოთხოვნილი ფინანსური ზიანის ანაზღაურება მოხდება, ჩვენ იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ინვესტრება. იმედი გვაქვს, რომ ეს გაჭიანურებული დავა სამართლიანად გადაწყდება,“ - აცხადებს რონ ვოლდმენი.

შეგახსნენებთ, რომ კომპანია „ბაზელი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს. მის მფლობელობაში 20 ჰექტარი მიწის ფართი კრწანისის ქუჩაზე.

Businesspartner