ბაზარზე გამოჩნდება ინოვაციური ჭურჭელი, რომელზეც ილიას "პასუხის პასუხი" იქნება დაპრინტული
ვეფხისტყაოსნის, ჰანა და ჰაიდეგერის, ბალზაკის, ვაჟა-ფშაველას და ფიროსმანის შემდეგ, კონცეპტუალურ ჭურჭელზე ილია ჭავჭავაძის შემოქმედება დაიპრინტება. ჩაის/ყავის ჭურჭელზე დაპრინტული სერვირების თითოეული ელემენტი კი შესაძლებელია ცალკეული მომხმარებლისთვის სადღესასწაულო სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.
„თქმა-ლანკანი“ სწორედ ასე ჰქვია ჭურჭლის ბრენდს, რომელზეც ნოემბრიდან ილიას „პასუხის პასუხს“ ამოიკითხავთ. პროექტის ავტორი კომპანია MINIMA-ა.
კომპანიის დამფუძნებელი, თამთა რაბათელი “ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ „თქმა-ლანკანი“ ფორმის და შინაარსის ჰარმონიაა მაგიდაზე, რომელზეც თითოეული ობიექტი კონკრეტული შინაარსის მატარებელია.
„ეს იქნება რიგით მეექვსე კოლექცია „ის ლიბერალი ბურთივით მრგვალიდან“, ილიას დაბადების დღე გვაქვს ნოემბერში და ვემზადებით, მათ შორის ინდივიდუალური დაკვეთებისთვისაც“, - აცხადებს რაბათელი. მისი ინფორმაცით, თქმა-ლანკანი იბეჭდება როზენტალის და ვილმაქსის ბრენდებზე. ერთეულის ფასი 25 ლარიდან იწყება და ყველა ტიპის საფასო სეგმენტზეა მორგებული.
„რეალიზაცია ხდება ონლაინ, მიტანის სერვისი „ერთი ზარით, ერთ საათში“ მხოლოდ თქმა-ლანკანს აქვს. ფასები მოქნილია თქმა-ლანკანის რეალური მსურველისთვის, რადგან ჩვენ გვსურდა შეძენის დროს მაღალი ფასი არ ყოფილიყო ხელშემშლელი ფაქტორი. თქმა-ლანკანის მსურველი სეგმენტი არის სრულიად განსხვავებული ესთეტიკის და იმსახურებს ექსკლუზიურად მოქნილ ფასს,“ - აცხადებს რაბათელი.
კითხვაზე, რა გავლენა აქვს პანდემიას კომპანიის მიერ შექმნილი ბრენდის გაყიდვებზე, MINIMA-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მსოფლიო პანდემიურმა პროცესებმა კომპანიას ხელი შეუშალა და ვერ აჩვენა ის ტემპი, რაც დაგეგმილი ჰქონდა.
„სარესტორნე და ზოგადად ყველანაირი ბიზნესი, რაც სტუმარ-მასპინძლობასთან და ტურიზმთან იყო დაკავშირებული ფაქტობრივად განადგურდა ან სულს ღაფავს. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი ძირითადი სამომხმარებლო სეგმენტი. 2019 წლის დეკემბერში დავიწყეთ გაყიდვები, 2020-ის იანვრის ბოლოდან ფაქტობრივად მთელი მსოფლიო „ამოვყირავდა“. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესები რომ არა, პოლუსურად განსხვავებული ტემპი გვექნებოდა. ასეთი ნივთების შეძენის სურვილი და საშუალება, ქვეყანაში აქვს იმ სეგმენტს, ვისაც პირველადი, ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვს, ჩვენთან კი ის საშუალო ფენაც, განადგურების პირასაა ეკონომიკური კრიზისის გამო, ვინც ბევრი წელი ასეთად ჩამოყალიბებას ცდილობდა.
დღეს ქართული ბიზნესი მიმართავს აქტივობას, რომელსაც commercial acrobatics-ს ვუწოდებ, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ჩვენი დასაქმებულებიც. ეს არის სწორედ მთავარი პასუხისმგებლობა, რაც ამ პროცესის ერთ აქტორს გამაჩნია მოცემულ დროსა და სივრცეში ჩემი ქვეყნის წინაშე.
იმედი გვაქვს, 2022 წლის ტურისტული სეზონი ბევრად უკეთესი იქნება.
ამჟამად, ძირითადად ჩვენი კლიენტურა არის განსაკუთრებული ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული საჩუქარი სურს მისთვის გამორჩეული ადამიანისათვის,“ - აცხადებს რაბათელი.
MINIMA-მ 2015 წელს ბაზარზე ინოვაციური სერვისი Design objects Management-ი დანერგა, ანუ უძრავი ქონების (როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული დანიშნულების) კეთილმოწყობის და შემდგომი განვითარების სერვისი.
ეს სერვისი გულისხმობს პროფესიონალურ კონსულტირებას და მართვას, ფინანსური სახსრების რაციონალურ და ეფექტურ ხარჯვაზე, შემდეგი მიმართულებებით: ავეჯი; განათება, დეკორი, აქსესუარები, საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ტელე და აუდიო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული დიზაინის ნივთები, ჭურჭელი, ტექსტილი, ხალიჩები, ფარდები, საკოლექციო ნივთები, ფერწერა, წიგნები, ფოტოხელოვნების ნიმუშები, ანუ ყველაფერი ის, რაც თქვენ გარემოს კეთილმოწყობილს ხდის და თქვენ ინდივიდუალურ იმიჯს უზრუნველყოფს.