ბიზნესი
06/10/2022

ბათუმში ორი 55-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება - განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმა ტერიტორიებზე, სადაც მაღალსართულიანი კომპლექსების მშენებლობა იგეგმება - პროექტებს კომპანიები „ბრიტიშ დეველოპმენტი“ და „ვესტინვესტი“ განახორციელებენ, რომლებიც მიწის ნაკვეთებს ნინოშვილის #39 -სა და რუსთაველის #44-ში ფლობენ.

პროექტები რუსთაველის უნივერსიტეტის გაგრძელებაზე, ახალი ბულვარის მიმართულებით, სასტუმრო „ჰილტონის“ შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით ორი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

სულ გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 32 000 კვ.მ-ს. როგორც გეგმაშია აღნიშნული, მონაკვეთის არქიტექტურულ სახეს სულ ბოლო წლებში აგებული ცათამბრჯენები ქმნის. მათ შორისაა სასტუმრო “შერატონის” 20 სართულიანი შენობა, საპროექტო ტერიტორიას ესაზღვრება სასტუმრო “ჰილტონი”, ასევე 54-სართულიანი მრავალფუნქციური მშენებარე კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”

დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულზე უნდა განთავსდეს მრავალსართულიანი სასტუმრო კომლექსები, საუბარია ორ ცათამბჯენზე, რომლებიც 55-სართულიანი და 180 მეტრის სიმაღლისაა. შენობებში ბინები და სასტუმროს ნომრები განთავსდება.

„საპროექტო ტერიტორიების მიმდებარედ მშენებარე შენობა თავისი სიმაღლის წყალობით, გარემოზე დომინირებს – ის ჩანს ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან. ამიტომ, მის უკან ახალი მოცულობები მეტ დომინანტურობას ვერ მოიპოვებენ, თუ კორექტულად იქნება გამოყენებული მათი გარემოსთან მისადაგების ხერხები. ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროექტია, რომლის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალი ნაგებობების არქიტექტურულ სახეს, მაღალ სამშენებლო ხარისხს, საინჟინრო-კონსტრუქციულ გადაწყვეტას და შესრულების ტექნიკურ მხარეს. თუ რამდენად არის გამართლებული საინჟინრო-გეოლოგიის თვალსაზრისით ამ ადგილას კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აგება, სპეციალლისტებმა უნდა გადაწყვიტონ,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან საპროექტო ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მრავალსართულიანი შენობები, აღნიშნულ საკადასტრო ერთეულებზეც მრავალსართულიანი შენობების განთავსება, რომლის სიმაღლე გაუსწორდება გვერდით მდებარე შენობას, „არ გამოიწვევს ურბანული ქსოვლის რღვევას, ჩამოყალიბდება ერთიანი სიმაღლის მოშენება, რაც ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით გამართლებული და მიზანშეწონილია. ამასთანავე ჩამოყალიბდება ერთიანი ტურისტული ფუნქციით დატვირთული მდგრადი გეგმარებითი ერთეული.“

დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილი მშენებლობა ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს. შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“ 200 მლნ ლარზე მეტის პირდაპირ ინვესტიოციოას განახორციელებს, შპს „ვესტინვესტის“ ინვესტიცია კი 100 მლნ ლარს გადააჭარბებს. გარდა აღნიშნული პირდაპირი ინვესტიციისა, აშენებული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება იქნება სასტუმრო, სადაც განთავსდება როგორც სასტუმრო ნომრები, ისე კომერციული ფართები. აღნიშნული კი, გეგმის თანახმად, ნიშნავს, რომ მშენებლობადასრულებული ობიექტი უწყვეტად სრულად იქნება ჩართული ქალაქის, რეგიონის და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკაში. მშენებლობისა და ობიექტის ფუნქციონირების დროს რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება.

პროექტის განხორციელდება შემდეგი ეტაპებით: სასტუმრო კომპლექსების სამშენებლო პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება; ტერიტორიის გამოთავისუფლება არსებული შენობა-ნაგებობებისაგან; სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა; საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა; საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა; ტერიტორიის გამწვანება; ტერიტორიის კეთილმოწყობა.

დოკუმენტის თანახმად, ბათუმში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველი 10 გამოკითხულიდან 8 რესპოდენტი მშენებლობის მომხრეა, რადგან აცნობიერებს, რომ ახალი სასტუმროს აშენებით კიდევ უფრო გაიზრდება ქალაქის მაცხოვრებელთა ფინანსური მდგომარეობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.